вторник, 26 сентября 2017 г.

” ბუკელა, მაშინ ქურდად იჯდა…” (იუმორისტული ნოველა)



ბუკელა, მაშინ ქურდად იჯდა…
(იუმორისტული ნოველა)

ერთი ისაა, ტაბელს არ ატრიალებს, თორემ ისე, შებინდებულზე  ღამის გუშაგივით მიზანდასახულად ჩამოივლის  ლითონის ბადით შემოსაზღვრულ ჩვენი ბაღის უკანა მხარეს, გისოსის ყაიდაზე შეკრულ კართან სვლას შეანელებს და მისთვის შესაფერის ღრიჭოში შემოყოფს ცხვირს. ფერდებს შეკუმშავს, შევიწროვდება, ეზოში შემოძვრება. მოზომილი ნაბიჯებით ჩაივლის მცირე თავდაღმართს და ბოსტანში ონავრულად შეირბენს. საყვარელი არსებაა, სასარგებლო ცხოველადაც არის მიჩნეული, რადგან მავნე მწერებს, ხვლიკებს და თვით შხამიან გველებსაც კი ანადგურებსთუმც, როცა გაიგებ, რომ იგი სხვადასხვა საშიში დაავადებების გადამტანია, მათ შორის ცოფის, შეიძლება დაფრთხეთ კიდეც; თუმც, ბავშვებს ეგ დიდად არ ადარდებთზღარბები იმდენად საყვარლები არიან, რომ პატარასა თუ დიდს, უმალ ზღარბუნიასმიფერების სურვილი უჩნდებათ. ოღონდმისი ეკლიანი საფარველი ბევრს გვარიანად შეაბრკოლებსთანაც, თუ ბურთივით შეკვრა მოასწრო, და ამას თითქმის ყოველთვის ახერხებს, ნეკა თითით მოსაფერებელ ადგილსაც კი, ნამდვილად ვერ უპოვით, რადგან თავი, კუდი და პაწაწინა ფეხები, თითქოს არც ჰქონია, მუცელზე, რომ არაფერი ვთქვათ. მხედველობა სუსტი აქვს, მაგრამ ყნოსვა და სმენა ისე აქვს დახვეწილი, შეუძლია მალე გაერკვეს, რა საშიშროებას წარმოადგენს მისდამი მოთვალთვალე თუმოიერიშე”.
ამ ჩვენმა ზღარბუნიამაც, ეტყობა უკვე დაამუღამა, რომ გულკეთილ მასპინძელთან აქვს საქმე და როცა ვითარებისდა მიხედვით, მის სავალ გზაზევტრიალებ მარშუტს არ ცვლის. არც ალიონზე, ღამეული ნადირობიდან, მცირე აღმართზე მძიმედ ამომავალი გამირბის.
_ალბათ ბუკელას ბადიშისშვილია…_გულუბრყვილოდ გავიფიქრე ალიონზე გარეთ გამოსულმა, როცა ის შევნიშნე და ნიშნისმოგებით ჩავილაპარაკე:
_ბუკელა შენი დიდი პაპა იქნებოდა, ალბათ წინაპრებისგან გაგიგია, რა გიჟმაჟიც ვარ…_გამეცინა. იგი შეყოვნდა. მე მივედი და ეკლებზე ხელი გადავუსვი, არც აჯაგრულა და არც ბურთივით დამრგვალებულა.
ცხვირი თავისებურად წაიგრძელა და გზა გააგრძელა
_კი, ბუკელას მოდგმისაა…_დავიმოწმე მეხსიერებაში ამოზიდული მოგონება და მომცინარემ უნებლიეთ გავიხუმრე,_ბუკელა, მაშინ  ქურდად იჯდა!
ბუკელა, ამ ზაფხულიდან, ასე ცხრამეტიოდე წლის წინ ჩავლილ, ერთი ცხელი  ზაფხულის ღამესა, შუაღამეს, ანდაც, სულაც ალიონზე, ლეღვის ხის შორიახლო ამოთხრილ ორმოში ჩავარდა. ჰამაკში მიძინებულს, სამხრეთისკენ გადანაცვლებული მზის სხივებმა, პირდაპირ თვალებში, რომ დამაცხუნეს, თავისებურად შევქანდ-შემოვქანდი და ლეღვის ქვემოთ დახრილ ტოტს ჩავალე ხელი. ჰოდა, ორმოს ძირში გატრუნულ ზღარბუნიასაც მოვკარი თვალი. ეკლებზე ხიდან ჩამოვარდნილი მწიფე ლეღვი დაკვროდა.   ვიგრძენი ხიფათს გადაჰყროდა, აქამდე, როგორ ვერ შევამჩნიე მეთქი გამიკვირდა, თუმცა რა გასაკვირი იყო, ორი დღე, იქაურ სამეზობლოში გადაბმული სმა მომიწია და შინ დაბრუნებულმა, იმ ორმოს განსაკუთრებით ავუარე გვერდი.
ეგ, რა დაგმართნია მეთქი, შევწუხდი, ფრთხილად ამოვიყვანე, ლეღვი ავაცალე და წყლიან ლეგენთან მივიტანე. რა თქმა უნდა, დამრგვალდა, მაგრამ წყალი ვასხურე და დასიცხულმა სული მოითქვა. მე კი, უფრო გაბედულად შევათვალიერე და ხალისიანად შევძახე:
_ვაჟკაც!
უნებლიეთ ბავშური აღტაცება დამეუფლა და გადავწყვიტე, ზღარბუნა ჩემი პატარებისთვისგამეცნო”.
ჩავსვი პატარა ყუთში, ყუთი კი ტყავის დიდ ჩანთაში მოვათავსე. მერე სამიოდე ვედრო წყალი გადავისხი, თავი მოვიწესრიგე და ქალაქისკენ გავწიე, გზად გამიმართლა ნაცნობი მანქანით წამომეწია და ქალაქამდე ჩამიყვანა.
ბავშვები შინ არ იყვნენ, დედამისს თავის მშობლიურ სოფელში თბილისიდან ავტობუსით, ასე, ერთი საათის სავალზე მდებარე სოფელში, მამაპაპისეულ კარმიდამოს მისახედად გადაბარგებულ მშობლებთან ჰყავდა წაყვანილი.
მოსაღამოებული იყო და გადავწყვიტე, დღეს წასვლა აღარ ღირს მეთქი.
ბინაში შესულმა, ზღარბუნიას თავისებურად მივესიყვარულე, ბაღიდან წამოღებული მწიფე ლეღვი და ჯამით წყალი მივართვი, თუმც, ჩემი მასპინძლობა აშკარად არ ეჭაშნიკა. მერე ყუთი ლოჯიაში დავდგი, შიგ კომბოსტოს ფურცლები და ვაშლის ნაფცქვენები ჩავყარე და დაღლილი დივანზე წამოვწექი. მალე ჩამეძინა.
შუაღამისას, მკვეთრმა ხმაურმა გამაღვიძა. წამოვიწიე, ლოჯიიდან  ფეხის ხმა ისმოდა. მეჩვენა, ვიღაც მოუსვენრად და ენეგიულად მოძრაობდა.
შემკრთალს, ის იყო უნდა მეკითხა ვინ ხარ მეთქი, რომ მთვარის შუქზე უკანა ფეხებზე დამდგარ ზღარბი დავლანდე, რომელიც ნერვიულად მიმოდიოდა წინ და უკან. ამას ნამდვილად არ ველოდი.
ავდექი, უკვე ბურთივით დამრგვალებული, ისევ ყუთში ჩავსვიორიოდე საათის შემდეგ მისი ფეხების ტყაპუნმა კვლავ შემაფხიზლა.
_აა კაცო, დაშვიდდი, ნერვოზი ხომ არ გჭირს…_შევეხმიანე მეგობრულად, _ჩაგიყვან, ჩემებს გაგაცნობ და ისევ უკან დაგაბრუნებ
დილით კი, ტყავის ჩანთაში ჩადგმული ყუთით, ადრიანად გავმოვედი სახლიდან. მიკროავტობუსში ჩამეძინა, მერე მგზავრთა ჟივილი ჩამესმა. ამ ჩემს ზღარბუნიას, ოდნავ ჩაწეული ელვა-შესაკრავის კიდევ უფრო მოღიავება მოეხერხებინა და ჩანთიდან ამოძრობას ცდილობდა.
გაღიმებულმა ჩემს თანამგზავრს თითი ცხვირთან ავუქნიე.  იგი ჩანთაში მიიმალა, მე კი ისევ მივლულე თვლები, თუმც, უკვე გვარიანად ფხიზლად ვიყავი.
ეზოში შესვლის წინ, ჩანთის შესაკრავი მთლიანად გადავხსენი, და ჩემი ნახვით გახარებულმა შვილებმა, უცნაური სტუმრის თავი, რომ იხილეს, ცოტა არ იყოს დაიბნენ. ყუთიდან ამომძვრალი ზღარბი მიწაზე დავსვი.
_გაიცანით, ეს ჩვენი ბაღის ზღარბუნიაა!_ წარმოვთქვი საზეიმო ხმით.
სიდედრ-სიმამრი ირონიაშეპარული ღიმილით შემომაცქერდა. ჩემმა მეუღლემ ვითარებას უმალ აუღო ალღო და თავისი საბავშვო ლექსი შემაშველა:
ზღარბუნამ ზღარბუნიები,
ტყეში წაასხა ამ დილას,
და გეტყვით დანამდვილებით,
სოკო ექნებათ სადილად.
დედიკოს ეს ლექსი ბავშვებს კი სმენოდათ, მაგრამ ცოცხალ ზღარბს პირველად ხედავდნენ. გოგო ხუთი წლისა თუ იქნებოდა, ბიჭი _სამის.
უცხო სტუმარს მალე გაუშინაურდნენ.
_მკბენარა ყოფილა!_დაასკვნა მალე ანამ და მის გადასაგორებლად ჯოხი მოიშველია, ავთომაც აუბა მხარი.
ენაწყლიანი ანა თავისებურად არიგებდა ჭკუას.
და უცებ, ბუკელა შეარქვა.
ზღარბუნა, თითქოსდა მოშინაურდა, მალე თავად ცდილობდა გადაადგილებას, სოროსთვის შესაფერისი ადგილის მოძებნას.
მერე ხილზე და სასმელზე მიმიპატიჟეს.
სიმამრთან საუბრით, რომ გავერთე, უცებ, ანას ტიტინი მომესმა.
_ზღარბუნიები სად გყავს? ავტობუსით კატაობა მოგინდა და პატარები ტყეში მიატოვე, არ გრცხვენია?!
შევცბი, უმალ ზღარბისთვის მიცემული პირობა გამახსენდა და წამოვდექი.
_უნდა წავიდე…_სიმამრს, რომელიც, წიგნის მოყვარული კაცი იყო, ფუძე-კართან დაბრუნება ერთხელ კიდევ დავულოცე და ჩემს მეუღლეს ვანიშნე ბავშვები, მეორე სართულზე აეყვანა.
მერე ორივენი ჩავკოცნე, ახლა ბუკელა შვილებთან უნდა დავაბრუნო მეთქი გავუმხილე პატარებს და ზღარბი ისევ ყუთში ჩავსვი.
ბავშვები ჩემს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდნენ.
აბა, აბაო, თავი გამოიდო ანამ, სადილად სოკო ხომ უნდა მოუმზადოსო
ასე, ორი საათის შემდეგ, გლდანის დასახლების მაშინდელ დაბოლოებასთან, ჩვენი ბაღისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდი.
კვლავ შფოთიანი ვითარება იყო; ორიოდე წლით ადრე, როცა, თემქის დასახლებიდან, ჩვენი ბაღისკენ  ხევ-ხევ, ვითომდაც მოკლე გზით წასვლა ვამჯობინე, ერთგან, უცებ შევნიშნე გორაზე ვიღაც ჩაწოლილიყო და შაშხანას მიმიზნებდა. შევჩერდი და გავძახე:
_რომელი ხარ!
_შენ თავად ვინა ხარ?!_შემომსჭყივლა მან.
_ქვესადგურში მივდივარ!_ვუპასუხე მექანიკურად,_რადგან მაშინ იმ მხარეს თითქმის ერთადერთი სტრატეგიული ობიექტი მაღალი ძაბვის ქვესადგური იყო.
_ბედი შენი, რომ არ გაგაგორე!_უკმაყოფილოდ გამეპასუხა იგი.
მე გზა გავნაგრძნე, თუმც, იჭვი მიმაცილებდა, არ წამოუროს და სასხლეტს მაინც არ გამოჰკრას თითი მეთქი, თითქოს ვგრძნობდი, რომ სწორედ ის თითი ექავებოდა.
ახლა კი,  არხეინად მივუყვებოდი შარაგზას, თან გზაში ნაყიდ შოთის პურს მივილოღნიდი.
_ცოტაც და დაგაბრუნებალბათ, ცოლ-შვილი მოუთმენლად გელოდება, წუხან, სად დაიკარგა ჩვენი მარჩენალიო…_შევჩურჩულე ჩანთაში მოფხაკურე ბუკელას.
ქალაქს გვარიანად ვიყავი გაცილებული, შევნიშნე ფსიქიატრული საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან, გზისპირას, ორ ჩინოსან მილიციელს თავისებური პოზიცია ეკავათ. მსუქანი, ღიპიანი მაიორი ტაბურეტზე იჯდა, ახალგაზრდა, მხარბეჭიანი ლეიტენატი, კი მის უკან მზესუმზირით ირთობდა თავს.
რა თქმა უნდა, გიჟებს არ დარაჯობდნენ, საშოვარზე გამოსულებს ჰგავდნენ.
_გამარჯობათ!_ხმამაღლა მივესალმე მათ.
მაიორი ადრეც მენახა; იმ ამბიდან ორიოდე თვის წინ, მსუბუქი მანქანით საკუთარ გამომცემლობაში გამოცემული წიგნები გადამქონდა. ტვირთის სიმძიმე საბარგულდაზნექილ მანქანას აშკრად ეტყობოდა. მძღოლი და მე ცოტათი შეზარხოშებულები ვიყავით და ამას ვერ ვამჩნევდით, მაგრამ გლდანის შემოსასვლელთან ჩამწკრივებულგაიშნიკებსეს არ გამოპარვიათ
ერთხმად დაგვისტვინეს, მე არხეინად გადავედი.
_რა მიგაქვთ?_მუქარით მკითხა ლოყებდაპუსკუნებულმა, დაბალი ტანის მილიციელმა და ხელშიგაიშნიკისჯოხი შეათამაშა.
_წიგნები!-რიხით მივუგე მე, ჯიბიდან წითელი წიგნაკი ამოვიღე, რომელზეც კაი გვარიანი ასოებითპრესაიყო ამოტვიფრული. მაშინ ახალგადემოკრატიულებულ საქართველოშიპრესასშთამბეჭდავი დატვირთვა ჰქონდა, თან წითელი ფერსაც არ გასვლოდა პოლიტიკური ყავლი.
ახალგამომცხვარმა ინსპექტორმაჩესტიამიღო. მე მხარზე მოვუთათუნე ხელი, საბარგული გავაღე და ზღაპრებისა და რომანების რამდენიმე ეგზემპლიარი საშოვრის იმედით თვალებდაქიჩმაჩებულ სერჟანტს გადავეცი. უცებ, გზისპირას, ბორდიურზე ჩამომჯდარი მაიორი შევნიშნე,_მომიკითხე, მივანიშნე მასზეწესრიგისდამცველს”.
ის კი გახარებული გაქანდა თავისიანებისკენ. წიგნები წაუჩვენა, აი, რაღაც, მაინც ხომ ვიშოვეო
ახლა, მაიორი იჭვნეულად მომჩერებოდა, ალბათ რაღაცის გახსენებას ცდილობდა.
_ჩანთაში რა გაქვს?!_შემომბღვირა ლეიტენანტმა.
_ზღარბი!-მივუგე მხიარულად.
_აბა, მოდი აქ!_თითქმის მიბრძანა.
მშვიდად წავედი, ცელოფნიანი პური იღლიში ამოვიდე.
_გვაშაყირებ?!_ბრაზიანად ჩამეკითხა იგი.
_არც მიფიქრია…_მშვიდად მივუგე.
_აბა მაჩვენე?!_იჭვნეულად ჩამეძია.
_შენ თვითონ ნახე!_ჩანთის ელვა-საკრავი ოდნავ გავხსენი.
ლეიტენანტმა ენერგიულად ჩაააძვრინა ხელი ღრიჭოში და შეჰყვირა:
_უჰ, ამის!
_ხომ გითხარი
_რა ბიჭო, მართლა ზღარბს ჩაავლე?!_გამხიარულდა მაიორი.
_ჰო, ამის
აგრესიულად მოზიდულ ლეიტენანტს ჯიქურ მივაჩერდი
მერე თავისუფალი ხელი წამოვწიე და გზა ხალისიანად გავაგრძელე.
მოსახვევში ქალაქიდან მომავალი სატვირთო მანქანის ძრავის თუხთუხი გაისმა.
მაიორმათანაშემწეს”, რაღაც ნაჩქარევად მიუთითა.
_ყოჩაღ ბუკელ!_ჩავულაპარაკე ჩანთაში მოფხაკურე ზღარბუნას,_ყოჩაღ, ასე უნდა მაგ წუწკს
ჯ.გ.

2016
*



*
Flag Counter

среда, 2 августа 2017 г.

მცირე შტრიხები ქართველთა ყოფაში მომძლავრებულ სინდრომთა შესახებ



ხვანცარიკობის სინდრომი

*
შემდგომ კი... 13 ივლისი 2017
ოპოზიციურად ყელმოღერებული

ამ კაცს, უნიჭო ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ არც ისეთი გამორჩეული ხელწერისა და ხედვის შემოქმედი ეთქმოდა, მას რომ წარმოედგინა.
შიგადაშიგ, ოპოზიციურად მოიღერებდა ყელს, მაგრამ შეფარვით ხელისუფლებაში ”მომჯდარ” ტიპებსაც აწონებდა თავს. მათთან დაახლოება ვითარებისდა მიხედვით, მართლაც ეხერხებოდა.
სამედიო მოგონებებს, განვლილი ცხოვრების იმ ეპიზოდებიდან ადგენდა, რომლებიც მისი გათვლით, ეგრეთ წოდებულ ელიტარულ მდგომარეობას უქმნიდა. საკუთარი მეხსიერების ცენზორიც თავად გახლდათ და იმათთვის, ვინაც მისი ჭკუით, მისეულ ”ელიტარობას”, ჩრდილს მიაყენებდა, საგულდაგულოდ ჰქონდა ხაზი გადასმული.
არადა, ამ ”ხაზგადასმულთაგან” ერთმა ორმა ძნელბედობის ჟამს ხელი გვარიანად გაუმართა, მისივე და მის მიერვე მივიწყებული სიტყვები, რომ მოვიშველიოთ ”სასოწარკვეთისგანაც” კი იხსნა. მაგრამ ახლა, მათთან ურთიერთობას ცუღლუტურად არიდებდა თავს, რადგან ისინი კვლავაც იქ, მართალი საქმის დაცვისა და უკეთურთა მხილების სადარაჯოზე იდგნენ.
ამას კი, დიდება ძველებურად ხიბლავდა, თავის მიერვე ფარულად გავრცელებული ”ეპითეტების” მიხედვით ხან ”ერის სინდისი”, ხანაც მოყვასისთვის თავდადებული რაინდი, ”უშიშარი ვითარა უხორცო” გახლდათ. თუმც, შიგადაშიგ ოპოზიციურად ყელმოღერებული, ისე მოხერხებულად გამოხატავდა თავის სიმპათიებს ამა თუ იმ ”აღზევებულის” მიმართ, რომ მორიგი ”წყალობაც” არ აყოვნებდა.
რა თქმა უნდა, მის გარეშე, სხვაგვარად უინტერესო იქნებოდა ეს ცხოვრება, რადგან კარგი ამბების საკეთებლადაც მიუწევდა გული. ჰქონდა კიდეც კეთილად მოსაგონარი, უბრალოდ ესაა, ამ ბოლო დროს, მასმედიაში, მსგავსნი, მხოლოდ თავსი ”საგმირო” საქმეებით და შეკოწიწებული ”ელიტარულობით” იწონებენ თავს… ავიწყდებათ საიდან მოდიან და საიდან იკრეფდნენ ძალას…
ამ ქვეყანას კი, შეურყვნელი მეხსიერება ინხავს…
***
8 ივლისი 2017
თემატური მინაწერები:

ქართველი ერის კულტურული თვითმყოფადობით, გარეგნული სიმშვენიერით, სიმამაცითა თუ გონიერებით მრავალი მოგზაური, დიპლომატი, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწენი მოხიბლულან…
მაგრამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხედულების მქონენიც იყვნენ და ისტორიამ მათი შეხედულებანიც შემოგვინახა. აი, ზოგი მათგანიც:
…ქართველები სწავლულები და დიდი ხელოვანნი გამოვლენ, რომ სწავლაში და ხელოვნებაში მწვრთნელი ჰყავდეთ. მაგრამ ძლიერ ცუდად იზრდებიან, ამასთანავე ცუდს მაგალითებსაც ხედავენ. ამის გამო მეტად უცოდინარნი და ბიწიერნი არიან. ქართველებში ბევრია მზაკვარი, ვერაგი, დაუნდობელი, ცბიერი, ბრიყვი, ამპარტავანი…
შარდენი
”მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”, 1686 წ.
*
”ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩაგდებით ერთმანეთი დაღუპონ…”
პიეტრო დე ლა ვალე
”საპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა”, 1628 წ.
*
დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ხომ, თავის სათავგადასავლო წიგნში ”კავკასია” (მოგზაურის ჩანაწერები), ისე მადლიანად, სიყვარულით, მაღალფარდოვნად აღწერს ქართველებსა და საქართველოს, რომ შესაძლოა, თავად ქართველი მკითხველიც კი, გადამეტებით დარჩეს მოხიბლული.
*
და ასე შემდეგ…
*
მაგრამ ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქართველთა თავდადებული ქომაგის, დიდი მოაზროვნის ილია ჭავჭავაძის მიერ, ერის შესაფხიზლებლად შეთხზული შეგონებანი. ამ მხრივ ფრიად ყურადსაღებია, მისი მამხილებელი ლექსი ”ბედნიერი ერი”.
მაგრამ დღევანდელ საქართველოში მავანნი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასა და მოღვაწეობასაც აქილიკებენ, რათა თავისი ჭიანი ადგილი დაიმკვიდრონ ე. წ. ”ლიბერასტულ” რეალობაში.
რა თქმა უნდა, თვითგვემით ”გართობა” კარგს არაფერს გვიქადის, მაგრამ ზოგ ჩვენებურ ”ახირებაზე” კი ნამდვილად გვმართებს ყურადღების გამახვილება, მით უფრო იმ ფონზე, როცა ამგვარი ”ახირებანი” ზოგი ქვეყნის ყოფაში გარკვეულ სინდრომადაა ქცეული.
განმარტებისთვის:
სინდრომი
მასალა ვიკიპედიიდან _ თავისუფალი ენციკლოპედია.
სინდრომი (ბერძ. σύνδρομον, σύνδρομο - Syndrome - თავმოყრა) — ტერმინი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში, ნიშნავს რაიმე დაავადების დამახასიათებელი რამდენიმე ნიშნის ანუ სიმპტომის ერთობლიობას.
კულტურასთან შეჭიდული სინდრომები

ცალკე გამოყოფენ კულტურასთან შეჭიდულ სინდრომებს, როდესაც ესა თუ ის სინდრომი, როგორც ნიშანთა ერთობლიობა, სხვადასხვა სახელითაა ცნობილი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ხალხებში.
კულტურასთან შეჭიდული სინდრომის მაგალითია მალაიზიაში კარგად ცნობილი ამოკის სინდრომი (Amok). ამოკის სინდრომი უმთავრესად გვხვდება მამაკაცებში და ხასიათდება აგრესიული აფეთქების ხანმოკლე ეპიზოდებით. აგრესიული შეტევის დროს ასეთი ადამიანი კლავს ან მძიმე დაზიანებას აყენებს ნებისმიერ შემხვედრს. ამოკის სინდრომში გაერთიანებულია შემდეგი ნიშნები: დევნის მანია, ავტომატიზმი, შეტევის ეპიზოდის შემდეგ ამნეზია და დაღლილობა. ამოკის სინდრომი ქრონიკული ფსიქიური დაავადების თანმხლებია. სხვა კულტურებში იგივე ნიშნები სხვა სახელის სინდრომის ქვეშ არის გაერთიაინებული. პოლინეზიაში ამას კაფარდს უწოდებენ (Cafard ან Cathard), პუერტო რიკოში - მალ მეტა პელეას (Mal Mata pelea), ნავაროში კი იიჩ’აა-ს (iich'aa).
***
ახლა კი,  ისევ ჩვენეული ფსიქოსივრცის მოკვლევა გავაგრძელოთ: 

ნაბიჭვრობის სინდრომი

ვფიქრობ ”აგრესიული აფეთქების ხანმოკლე ეპიზოდები” ჩვენში არა მარტო მამაკაცებში და მოზარდებში, არამედ ქალბატონებშიც გვარიანადაა მომძლავრებული; ამას ერთვის მარაზმამდე ”აღზევებული” გინებისა და ბილწსიტყვაობის ფენომენი. განსაკუთრებით შესამჩნევია როცა აჟიტირებული ტიპი, გულის მოსაოხებლად, თითქოს ირიბად, არაპირდაპირ აგინებს, იქ არ მყოფი მესამე პირს; ”შენ დედას…” მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ამჟღავნებს უპატივცემულობას თანამოსაუბრის მიმართ, მეორე პირის ნაცვალსახელის მოშველიებით, მსმენელს შენიღბულად აყენებს შეურაცხყოფას. ”შე ნაბიჭვარო…” ”შე …”; ”შე …” (მაგრამ ”შე მამაცხონებულო-ს” ამგვარი ტიპისგან, თითქმის ვერ გაიგებთ.) მან კარგად იცის რომ ღირსეულ თანამოსაუბრეს ავად სხვანაირად ვერ შესწვდება და იმის შიშიც ააქვს, თუ ჩემს მზრაკვობას მიმიხვდა, შესაძლოა ქეჩოში წამომცხოსო… ამ ”ხერხით” ავადმყოფურად იოხებს გულს, შეფარვით იმაგრებს ”ავტორიტეტს”. და როცა შენიშვნას აძლევენ, ჯერ გაიოცებს, კი მაგრამ, აქ საწყენი რა არისო, მერე კი, თავგადაკლული იფიცება, როგორ გეკადრება, მე ”შენ” კი არა, ”ის” და ”ის” მყავდა მხედველობაშიო.
შესაძლოა, ყოველივე ეს, ვისმე ბრმა წამბაძველობით ხდებოდეს, თუ არადა, უდაოდ _ ნაბიჭვრობის სინდრომია…
*
შეზღუდულობის სინდრომი

კიდევ ერთი ნიშანდობლივი სახე ჩვენი ყოფითი ფსიქოლოგიისა გახლავთ: …”უჩემოდ ვით იმღერეთა?” ამაზე, მრავალი გონივრული შენიშვნა წარმოთქმულა და დაწერილა. მაგრამ მე ჩემსას გაგიმხელთ: ერთმანეთის მიმართ უშნო ჯიბრი, ცუდად მოგვეძალა. ზოგადად, საყოველთაო მოწონებას და აღტაცებას იწვევს ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება, კულტურის მუშაკთა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება, მაგრამ შიდა გარემოცვაში, ჩვენ გვერდით მოასპარეზე ინოვაციურად მოაზროვნე კოლეგის ”ატანა” ფრიად გაძნელებულია, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი ვისმე ”ავტორიტატულ” სტილს არ ექვემდებარება…
ის რომ, მსგავსი ინოვაცია, ერთიანი საასპარეზო სივრცის აღმავლობას შეუწყობს ხელს, ამა თუ წამოწყების, შინაურ პოზიციებზე გამაგრებულ მესვეურთ ნაკლებად იზიდავთ…
თავიანთ კარგ საქმეს, რომ სხვისი წამოწყებული კარგი საქმეც წაამატონ თავიანთი ავტორიტეტის ”შელახვად” მიაჩნიათ.
ვგონებ: შეზღუდულობის სინდრომია
*
გაბღენძილობის სინდრომი

გაბღენძილობა, საკუთარ აზრებზე ეგზალტირებულ ”სუპერპატრიოტთა” მომაკვდინებელი სენია…
სამშობლო ქალი ან ვაჟი არ არის, რომ მისდამი სიყვარული ამა თუ იმ გამორჩეულ, ზოგჯერ ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ ნიშან-თვისებების გამო ჩაგვესახოს.
ლოგიკურად თუ ადეკვატურად მოზროვნე ადამიანი სამშობლოს სიყვარულს ვერა და ვერ აიცილებს…
ცნება სამშობლოში, ბევრად უფრო მეტია გამაერთიანებელი და მარადიული, ვიდრე პირობითობაზე, სტიმულირებაზე აღძრული რეაგირება.
სამშობლო თავზე ხელს ნამდვილად ვერ გადაგისვამს, მაგრამ იგი მაინც გიყვარს და ყველგან და ყოველთვის გენატრება.
ჰოდა, თუ არა ეს დამანგრეველი ”გაბღენძილობა”, რაა იმის მიზეზი, რომ ამ სიყვარულის გამოხატვის გზები, ჩვენს პოლიტიკოსთა სწრაფვაში, ხშირად, ასე, დიამეტრულად განსხვავებულია.
სახრავსა და გამოსარჩენზე მსჯელობით, ჩემეულ დიაგნოზს, ამჯერად, არ დავამძიმებ. თუმც, მწვავე რეალობისდა მიხედვით, ამგვარი თვალსაზრისი, ბევრს შესაძლოა მარტივი და გულუბრყვილო ეჩვენოს…
კი, გაბღენძილობის სინდრომი გვარიანად გვაზიანებს…

*


ინერციიის სინდრომი

_მე, ყველასთან კარგად მინდა ვიყო…_ხშირად და ხაზგასმით იმიორებს მავანი.
კი ბატონო, ცუდი სურვილი როდია, უმრავლესობას გვსმენია, პაციფისტების შესახებ; ანუ, ”მიზნებისა და საშუალებების მიუხედავად ყველა სახის ომების დამგმობელი მსოფლმხედველობა, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას მოითხოვს.”
მაგრამ, ”მე, ყველასთან კარგად მინდა ვიყო…”  ამგვარი კონფორმიზმი, უბრალოდ, ვინმეს ან რაიმეს მიმართ აშკარა ღალატია.
არადა, ისინი, რომლებიც, ამ თუ ამისდამაგვარ განაცხადს, თავისი ”მშვიდობისმოყვარეობის” სარეკლამოდ იყენებენ, თავხედები ნამდვილად არ არიან. პირიქით, ზრდილები და კეთილმოუბარნი ჩანანან. მაგრამ, არც ხაზგასმითი მორწმუნეობით და არც ალტრუზმით გამოირჩევიან. თავისას, ხელაღებით არ გასცემენ, არც, საკუთარი ”ხედვის” დათმობა სჩვევიათ.
”მე, ყველასთან კარგად მინდა ვიყო…”
რარიგ შეიძლება ამ გარემოსა და ვითარებაში, ყველსთან, განურჩევლად ”შეხედულებებისა”  კარგად იყო და ნებსით თუ უნებლიეთ ვინმეს ან რაიმეს არ ღალატობდე: სამშობლოს, მრწამს, ოჯახს, აქეთურს ან იქეთურს, ”ყველასთან, რომ კარგად იყო…”, ვიღაცის უმსგავსობაზე, თვალი უნდა დახუჭო, დაყრუვდე და ღვთისგან ბოძებულ ღირსებაზე ხელი აიღო. ანდა, როგორ უნდა მოახერხო, რომ მოძალადედ მოვარდნილს, რომელსაც, შენი სამშობლოს გადაქელვა, შენი მრწამსის და ენის შებღავლა სწადია, შენი ”კეთილგანწყობა’, იმგვარად ”შეასმინო”, რომ თავის ავ გაზრახვაზე უარი თქვას. ბოლოს და ბოლოს შენი ოჯახის, სანათესაოს გადავლის ზრახვა თუ მოსვენებას უკარგავს, და… რაღა გაგრძელება უნდა, ისედაც ხვდებით, რაზეა საუბარი.
აჰ, მის შეურაცხყოფამდე, არ უნდა მივიდეს საქმე, თორემ, რაღაც საპასუხო შესაბამის რეაგირებას, ალბათ მოახერხებს. აჰ, დაპირისპირებულ პირებს, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც ერთი ერთზე კვერს დაუკრავს, ან საპირიპირო აზრს არ გამოთქვამს, ან დუმილს ”მოიმარჯვებს”.
”ყველასთან კარგად ყოფნის” მოსურნე შეიძლება მედროვედ _  დროის შემყურდ მივიჩნიოთ, მაგრამ ეს ცნება სრულად ვერ გამოხატავს მათ ბუნებას, არის რაღაც, რაც მათ განასხვავებთ,  ისინი, ბუნებრივად ესწრაფვიან, მშვიდად, უპრობლემოდ ცხოვრებას. ვერც, ტერმინი კონფორმისტი ასახავს ამგვარ პიროვნებათა ნამდვილ სახეს, რადგან, როცა მათ პირადს ექმნება საფრთხე, შემგუებლობა ნამდვილად არ ახასიათებთ. ამ ტიპის ადამიანისთვის, ყველასთან კარგად ყოფნა, თავისებური დიპლომატიაა, საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. უნებლით ცნება ”იანუსის” ორსახიანი გამოსახულება გახსენდება, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით არაგულწრფელ, ორპირ პერსონაზე მიგვანიშნებს. თუმც ეს, თავისი ქმედებაში, ხომ გულწრფელია, ანუ მშვიდად, უპრობლემოდ ცხოვრებას ესწრაფვის, სხვათა სიმართლის მიფუჩეჩების ხარჯზე. ამოძრავებს პირადი წვრილმანი ინტერესები...
”ობივატელი!” ამოისუნთქვს მკითხველი, პირდაპირ გეთქვა, რას გაგვაწვალე შე კაცო. მაგრამ ეს ”ტიპი”, შიგადაშიგ, გარკვეულ საკითხთთა შესახებ საზოგადოებრივი თვალთახედვის უნარს, რომ ამჟღავნებს.
აჰ, ხვანცარიკი!  სულმნათი აკაკის ირონიული მინიშნება, თითქოს მხსნელად გევლინება. ”ორტოტი მახე, რომელიც ერთი თავითაც იჭრს და მეორითაც” კი, მავანთა უთავბოლო ხვანცარიკობამ და იქით-აქეთ კუდის ქნევამ დააჩიავა ჩვენი ქვეყანა...
მაგრამ, გული გეთანაღრება; მთლად, ასეც გაუბედურებული, რომ არაა… გასაწირად არ გემეტება.
და უცებ ფიზიკა გშველის: ”ინერცია (< ლათ. inertia — უმოქმედობა; ზოგჯერ ინერციულობა) — სხეულის თვისება - შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ არსებობს ან გაწონასწორებულია, ხოლო სხეულებზე ძალთა გაუწონასწორებელი სისტემის მოქმედების დროს – უძრაობის ან მოძრაობის მდგომარეობა შეიცვალონ თანდათანობით და არა მყისიერად…”
ჰო, ალბათ, ინერციის სინდრომი… ”მერე, მე არაფერი მამივა?”
ეეჰ, "როგორიც ბერიო, ისეთი ერიო".
ინერციის სინდრომი
 

*
ისევ უნდობლობის სინდრომზე…

რიგითმა ადამიანებმა პოლიტიკური ლიდერების მიმართ რომ რწმენა დაკარგეს, ეს ნათელია, მაგრამ რაც უმთავრესი და მტკივნეულია, საქართველოს ტკივილით ნასაზრდოები თაობა, ტელე-ინტერნეტ მოღვაწე, ეროვნული ლიდერობის მოსურნე პერსონებსაც უნდოდ ეკიდებიან.
რადგან, უმეტესობის ნათქვამს და საქვეყნოდ დაქადნებას ფასი აღარა აქვს; შენ, კი გინდა ენდო მათ სიტყვებს. უერთგულო, მაგრამ ის, ვისაც ამგვარი ”დაფიცების” პირობაზე მხარს უმაგრებ, თავისი ”ხეირის” მიხედვით იცვლის აზრს და მიმართულებას და სრულიად მოსალოდნელია, მორიგი ”საშოვრისკენ” მზაკვრულად გადაინაცვლოს, ან ისეთ ვინმესთან აღმოჩნდეს ”შეკრული”, რომელიც ქვეყანას აშკარად ძარცვავდა, აჩანაგებდა. 
ასე რომ ”გასაერთგულებელი”, თითქმის არც არავინ დარჩა… რა თქმა უნდა, მასმედიაში გამოჭენებული პოლიტიკური სფერო მაქვს მხედველობაში. 
და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გარკვეული, მეტწილად სუფთა ბიოგრაფიის მქონე ეროვნული სულისკვეთებით აღჭურვილ ”ქართველთა ერთობის” მიერ, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისადმი ერთგულებასა და თავდადებას არ ვიხილავთ..

P.S. სამშობლოს ერთიან სივრცეში აღძრულ სატკივარზე გამოთქმული ჩემეული მოსაზრებანი, არვის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად. მხოლოდ მცდელობაა, რათა საკუთარი ყოფის უკეთ დანახვა შევძლოთ…
ჯ.გ.



*
Flag Counter