ბუნებით ერთგული კაცი გუგულა სამსახურიდან შინისკენ ჩვეული მოუთმენლობით მიიჩქაროდა.
გულუბრყვილოდ ეზმანებოდა ბინის კართან შეგებებული მეუღლე, სახელდახელოდ დანაყრება, ტელევიზორთან მოკალათება, ცოლთან საგულდაგულოდ განმარტოება და სასიყვარულო განცდები…
მაგრამ მელე, თითქოს დაკარგული მეხსიერება აღიდგინაო, ისე მწველად შეიგრძნო რეალობა;
”რა უნიათო ვინმე ხარ, წესიერად ვერც ვერავის გამოელაპარაკები, დღემუდამ, შინ ხარ და ფეხდაფეხ დამდევ… სტუმრად წავალთ და მე მომშტერებიხარ, ბოლოს და ბოლოს გაეთამაშე ვინმეს, წესიერი ქათინაური მაინც უთხარი, აბა რა, მეც მინდა ქმრით თავი მოვიწონო!” მოაგონდა სულში მდუღარესავით ჩაღვრილი ცოლის საყვედური.
აღტყინება უმალვე გაუნელდა, წელმოწყვეტილივით ავიდა ავტობუსში…
მზე მეტისმეტად მწველად აცხუნებდა და რიგი სკამებისა თავისუფალი იყო. გუგულამაც სიცხეში დაჯდომას, რა თქმა უნდა, ფეხზე დგომა არჩია. ნირწამხდარი, კრიტიკული სიტუაციიდან თავდასაღწევ გზას ეძებდა… უცებ, მის გვერდით, მოჩრდილულ მხარეს ადგილი განთავისუფლდა. გუგულა გადასაჯდომად წაიწია, მაგრამ მის უკან მდგომი წითლად თმაგადაღებილი ქალი შენიშნა და შეყოვნდა.
-მობრძანდით!-თავაზიანად მიიპატრიჟა და უცნობისთვის ნათლად რომ ეგრძნობინებინა ”პრესტიჟული” ადგილის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნიაო, დაუფიქრებლად დასკუპდა დამცხუნვარებულ მხარეს მდებარე სკამზე.
თმაგადაღებილმა შეთავაზებული ადგილი უმალ დაისაკუთრა და ფანჯარასთან გატრუნულ კოპწია ქალს გადაუქირქილა:
-ალაბათ შესცივდა…
ქალი ფარულად გაეპასუხა და ჩაიცინა.
ან ერთმანეთს იცნობდნენ, ანაც შესაძლოა, გუგულას გაკილვის სურვილით გაუშინაურდნენ ერთმანეთს.
და უცებ, მზის რადიაციამ გუგულას ტვინის, რომელიღაც
უჯრედს, თითქოსდა ჩაუნისკარტა; ”რა უნიათო ვინმე ხარ, წესიერად ვერც ვერავის გამოელაპარაკები…” გაახსენდა ცოლის გაკილვით ნათქვამი.
გაბედა და აჭორავებულ ქალებს შურისმაძიებლურად გახედა.
-მზისგან კი არა, თქვენი თვალთწარმტაცი მომხიბვლელობისგან ვიფერფლები…-თითქოსდა მიუხმატკბილა კოპწიას და მზერა მის ამაღელვებლად წამოზიდულ მკერდზე
შეათამაშა.
ქალმა გაოცებით გამოხედა, მაგრამ კაცის მორცხვად აჟუჟუნებულ თვალებს, რომ წააწყდა, ნებიერად ჩაიღიმილა.
განაწყენებული თმაგადაღებილი წამოდგა და იქაურობას განერიდა. გუგულა უმალ დაეპატრონა კოპწიას გვერდით განთავისუფლებულ ადგილს და უცებ, იმგვარი მარიფათი გამოიჩინა, თავისთავად გაკვირვებასაც ვერ ახერხებდა, ქალს კი, ეგონა სასიყვარულო თავგადასავლებით განებივრებულ კაცს გადაჰყარა ბედმა.
მოიხიბლა , მიენდო…
არც გუგულას უღალატნია, შეიყვარა კიდეც, მერე მისი
”ერთგულებით”
გაბეზრებული
ცოლი
დელიკატურად მიატოვა და ცხოვრების მორიგ თანამგზავრს უერთგულა; ოღონდ,
დროზე იგრძნო იმ თავისებური ერთგულებით შესაძლოა მოსაბეზრებელი გამხდარიყო; ერთხელაც, ქალს მზრუნველობით შეაპარა, ერთი ჩემი მეგობარს საიმედო ფირმა აქვს, საზღვარგარეთ ძიძებს აგზავნის, ოღონდ ცოტაოდენი გერმანული უნდა იცოდე, ორი წელიც რომ წაიმუშაო, გვარიან თანხას
დააგროვებ, უცხოურ მანქანასაც ჩამოიყვან და მერე ოჯახის შექმნაც
გაგვიადვილდებაო… ქალი თანდათანობით მოიხიბლა პერსპექტივით, გერმანულის
შემსწავლელ კურსებს მიაშურა. გუგულამ ბინა დააგირავებინა და იმ ”საიმედო ფირმის” მეშვეობით საზღვარგარეთ გაისტუმრა.
მერე ისევ გადაეყარა გულისწორს, ისევ თავისებურად უერთგულა და ისევ საზღვარგარეთის გზას გაუყენა. მერე კვლაც შეხვდა საბედოს, მერე კიდევ... რა ექნა, სხვაგვარად არ შეეძლო, ბუნებით ერთგული კაცი იყო და ვინმესთვის აუცილებლად უნდა ეერთგულა…
ეს ამბავი გახმაურდა კიდეც, მაგრამ ქალბატონები გუგულას სიკეთეს არ ივიწყებდნენ და ხშირად საჩუქრებსაც უგზავნიდნენ, ასე რომ პროკურატურას ტრეფითიკინგის მუხლით საქმის აღძვრის საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა…
1999
ჯანრი გოგეშვილი
ჯანრი გოგეშვილი
- რეკლამა და სიყვარული (იუმორისტული მოთხრობა) / Adve...
- ვალი (მოთხრობა) / The debt (Story)
- ძაღლები
- ზედმიწევნით ახირებული კაცი
- ზიგზაგები (მოთხრობა) / The Zigzags (Story)
- ”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული)
- ”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /...
- ”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”
- გრიგალში
- ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny s...
*
***
Комментариев нет:
Отправить комментарий