среда, 22 марта 2017 г.

ღრუბლის ნობათი /იუმორისტული ნოველა/



”ღრუბელმა სიზმარი დააპურა; თეთრი ფუმფულა ღრუბელი იყო, შეაგულში პაწია, შავი ღრუბლის ქულა, რომელსაც მზის სხივი ამოჰფენოდა, თითქოსდა გულსაბნევივით ეკეთა…” პოეზიის სურნელით დამუხტული კოპწია გოგო იანა, იმ ღრუბლის თვალთვალით ისე გაერთო, იძულებული გახდა ჭადრის ხესთან შეჩერებულიყო, რათა უნებლიეთ გამვლელ-გამომვლელს არ შეჯახებოდა.
ძალზე მოუნდა, იმ ღრუბლის სიღრმიდნ, სულისშემძვრელი პოტური სტრიქონი მის გონებაში ამოღვრილიყო.
და უცებ ავტობუსის გაჩერებასთან ნაცნობი სახე დალანდა.
”ჰო, ისაა…” ამ ბიჭმა დანახვისთანავე მიიზიდა, ისიც პირველკურსელი იყო, ოღონდ, ეკონომიკის და ბიზნესისი ფაკულტეტზე სწავლობა.
თითქოს მოეწონა, მაგრამ მერე დაასკვანა, ამას ცხვირ-პირი ერთთავად ჩამოსტირის და მე როგორ უნდა გამიგოსო.
მაგრამ ახლა იმ ღრუბელში მოციმციმე სტრიქონმა უბიძგა, კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა თავისი  განწყობა.
ხეს მოხერხებულდ ამოეფარა.
ღარიბი სტუდენტის კვალობაზე ფიქრებაწრილებული გერო კი, ავტობუსის გაჩერებასთან გაბურსალებული  იდგა.
აქეთ სწავლის ფული, იქით ბინის ქირა… თანაც შორიახლოდან ახალგამომცხვარი მეგრული ხაჭაპურის სურნელიც ისე  მაცდუნებლად უღიტინებდა ცხვირის ნესტოებსა თუ გონებაში, მოკლედ წაქცევაზე იყო საცოდავი ბიჭი.
და მოულოდნელად შავებში ჩაცმული ქალი მიუახლოვდა, კოჭებამდე ჩაფართხუნებული შავი სატინის კაბა ეცვა, თავსა და სახეზე შავი თავსაბური ჰქონდა მოხვეული.
ტანთხელი, მომაღლო, სანდომიანი იერის ახალგაზრდა ქალი იქნებოდა, ასე ოცდაათ წელს გადაცილებული.
გეროს მოეჩვენა, რომ იგი ფულის თხოვნას აპირებდა და უნებლიეთ შეცბა.
ქალმა ღიმილით შეათვალიერა და ალერსიანი ხმით ჩაიჩურჩულა:
_გერო…_ჩანდა მეხსიერებაში შემორჩენილი ”ინფორმაციის” გადამოწმება სურდა.
ყმაწვილი ოდნავ შეფხიზლდა; თითქოს ქალის ხმა ეცნო, მაგრამ კიდევ უფრო დაიბნა.
_კი, გერო ხარ, რა კარგი გაზრდილხარ, თუმც, მაშინვე გეტყობოდა…-და წამიერად სახე წამოუწითლდა.
_სულ პატარა მახსოვხარ, დედაშენი დამიტოვებდა შენს თავს, ისეთი კარგი იყავი, ისეთი კარგი, სულ მთლად ჩაკოცნილი მყავდი, იმ წელს კიდეც გავთხოვდი, ჩემმა ქმარმა საზღვარგარეთ წამიყვანა და ხშირად გიგონებდი, მგარამ ასე გამშვენიერებულს თუ გიხილავდი, რას ვიფიქრებდი, სულ მთლად ჩაკოცნილი მყავხარ, სულ მთლად…
ძაან გაუტია
გეროს უნდოდა ეთქვა, ბოდიში დეიდა, მაგრამ ვერ გიცანითო, მაგრამ ”დეიდას” თქმას ვერ ახერხებდა.
ქალი, თითქოს მიუხვდა გასაჭირს.
_შენ ახლა, რამე ისეთი კი არ იფიქრო, უბრალოდ, ისე გამიხარდა შენი ნახვა,_ჩემს ბავშვებს არ მივფერებივარ ასე თამამად…
_მესმის თქვენი…_მექანიკურად მოიშველია გერომ,_ალბათ, იზაბელა ხართ, ანდრო ბიძიას ქალიშვილი, დედაჩემისგან გამიგია თქვენზე,_შენს გაზრდაში ძალზე მეხმარებოდა, თორემ სამსახურის მიტოვება მომიწევდაო…
_ჰო, ჰო… ახსოვს ხომ, ახსოვს არა, მაშინ ძაან უჭირდათ თქვენებს, უუჰ, რა საშინელი დრო იყო, დედაშენი და მამაშენი თურქეთში გადიოდნენ, იქ ყიდულობდნენ საქონელს და მერე თბილისში ჩაქონდათ, შენ თავს მე მიტოვებდნენ…
გერო უხერხულად იღიმებოდა; შიშობდა, ახლა, ამ ქალმა კიდევ არ დაწყოს სულ მთლად ჩაკოცნილი მყავხარ და მისთანებიო…
_ჰო, თქვენები როგორ არიან?_თითქოს გონს მოეგო ქალი.
”მშია!” გონებაში, თითქოსდა უნებლიეთ წამოცდა გეროს,_შეშინდა ხმამაღლა ხომ არ ვთქვიო,_არაუშავთ რა…_ჩაილაპარაკა ნაუცბათევად,_ბოდიში, მაგვიანდება, უნდა გავიქცე…_დაუმატა, სანახევროდ შეტრიალდა და ტროტუარზე ჩქარი ნაბიჯით წავიდა.
მოულოდნელად ”სამალავიდან” მოჭვრიტინე იანას შეეჩეხა.
გოგონამ საგანგებოდ შეჰკივლა.
_ბოდიში, ბოდიში…_ლამის მუხლები მოერყა გასავათებულ ბიჭს.
_არაა, რას ამბობ… ჩათქმული მქონდა…_არ დაიბნა გოგო.
_ჩათქმული,_ მთლად აებურდა გონი გეროს,_უკან ნამალევად მიიხედა, ის ქალი ხომ არ მომდევსო.
კიდევ კარგი, მის ბავშვობაზე ”მოძალადე” ქალი არ ჩანდა.
_ჰო, ჰო, იცი ალბათ, ახალი თამაშია, ინვესტიციობანა,  თუ მომავალი ბიზმესმენი, ანუ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი მოულოდნელად გადაგეყარა, სადმე უნდა დაპატიჟო, ანუ, მის მომავალში ინვესტიცია უნდა ჩადო, თუ გინდა, რომ შენც გაგიმართლოს…_ჩამოარაკრაკა გოგომ. აშკარა იყო ეს ”არაკი” ქვეცნობიერმა უკარნახა.
_ინვესტიციობანა?!_უნებლიე ინტერესი აღეძრა ბიჭს.
_აბა რა, მომიწევს ფსონი შენზე დავდო… კაფეში გეპატიჟები, აქ, ისეთ გემრიელ ხაჭაპურებს აცხობენ…
_არა, უხერხულია…_ჩაილუღლუღა მშიერმა სტუდენტმა.
_უარი არ იქნება, ეგ მაგიურ ინვესტიციად უნდა იქცეს, არ გაგია, ფორტუნა ელვისებურად ჩამოგიქროლებს და თუ ქოჩორში ხელის ჩავლება, ვერ მოასწარი, ბედი ხელიდან გამოგეცლებაო…
”ღრუბელმა სიზმარი დააპურა; თეთრი ფუმფულა ღრუბელი იყო, შეაგულში პაწია, შავი ღრუბლის ქულა, რომელსაც მზის სხივი ამოჰფენოდა, თითქოსდა გულსაბნევივით ეკეთა…” პოეზიის სურნელით დამუხტული კოპწია გოგო იანა, ისევ იმ განცდის ქვეშ იყო, თუმც ღრუბელი თვალსაწიერზე უკვე აღარ ჩანდა.
გოგოს გონებამახვილობით აღგზნებული გერო, უკვე მისი გარეგნობითაც იხიბლებოდა.
ჩამოქნილი სხეულის მქონე, შავგვრემან, სანდომიან სახის,  თმახუჭუჭა გოგოზე თითქმის გული შეუვარდა, თუმც, ”ინვესტიციაზე” ფიქრიც არ მიუტოვებია.
2002


Комментариев нет:

Отправить комментарий