суббота, 15 апреля 2017 г.

ხურმის ნერგები /ნოველა/



_ეს ცხრა აპრილი, რომ არა!_შემთხვევის მიცემისთანავე გაცხარებული იწყებდა გრიშა თავის უიღბლობასთან დაკავშირებული ამბის მოგონებას, როგორც კი შესაფერის მსმენელს მოიხელთებდა,_აყვნენ იმ აცუნდრუკებულ არაფორმალებს და…_იგონებდა, რა წინასწარმეტყველურად აფრთხილებდა ”თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე” ატეხილ ხალხს, ნახავთ მალე შავი პური სანატრებელი გაგიხდებათო…
ეს, უმეტესად,  თბილისიდან სოფლისკენ, ან სოფლიდან თბილისში მიმავალ ავტობუსში ხდებოდა.
_ასეთ დღეში არ უნდა ვყოფილიყავი მე…_ყოველთვის მოიძებნებოდა ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას მისტიროდნენ._ერთ ცნობილ რაიონში აღმასკომის თავმჯდომარედ მიშვებდნენ, მერე სხვანაირი  სიფრთხილე შეეპარა ცეკას მდივანს, რა ვიცით რა ხდებაო და ძველის დატოვება არჩიეს, ვითარება გამოკეთდება და შესაფერის ადგილსაც შეგირჩევთო, მაგრამ მთლად გაბანძდა საქმე, ეს ცხრა აპრილი, რომ არა…_ძველი ნაცნობებთაგან ზოგი აშკარა თანაგრძნობას გამოხატავდა: ”აბა, აბა, რა აწყობილი ქვეყანა დაანგრიესო…”
ზოგი ხათრით უსმენდა, თან თავის გასაჭირზე ფიქრობდა. ოღონდ, ერთხელ ვიღაც შეზარხოშებულმა წვეროსანმა მის საუბარს ყური რომ მოჰკრა შეუღრინა:
_დაკარგულ სახრავს მისტირი ხომ შე წურბელავ!
გრიშას ხმა ეცნო, მაგრამ  წვერ-ულვაშში ლამის ჩაკარგული მისი სახე  ვერ ამოიცნო. ”მგონი, ესეც საპროექტოში მუშაობდა…” გაიფიქრა იჭვნეულად. ”მერე, ალბათ ეროვნულებში ტრიალებდა… ჰო, ჰო, მახსოვს ადმინისტრაციას გვემუქრებოდა…”
_ვატყობ, არც შენ გაქვს კარგად საქმე…_შეეცადა იუმორით დაეცხრო უცნობის აგრესია და ისე მეგობრულად შეხედა, წვეროსანმა ნიშნისმოგებით ჩაიცინა.
გრიშა შეკრთა, რამე შარს არ გადავეყაროო, დაიძაბა.
უცებ გზისპირას გასაყიდად გამოტანილ ნერგებს მოჰკრა თვალი.
გახარებულმა მძღოლს უმალ გასძახა;
 _გამიჩერე, ბარემ ნერგებს ვიყიდი და მერე სხვა ავტობუსს გამოვყვები!_უმალ წამოდგა, ჩანთა აიღო და წინ მარჯვედ წაიწია.
გზატკეცილთან შეყოვნებულმა შვებით ამოისუნთქა.
აპრილის თვე იდგა; მზიან ამინდს, ღრუბლიანი ენაცვლებოდა, უცებ მოვარდნილი ქარ-წვიმა კი გარეთ გასვლას სურვილს უკლავდა ადამიანს. მაგრამ ახლა მშვენიერი, მზიანი დღე იყო, შიგადაშიგ, გაზაფხულის სურნელით გაჟრენთილი სუსტი ნიავი წამოუქროლებდა.
კაცი ნერგებისკენ შებრუნდა.  ”ხურმა არ დამირგავს…” გაახსენდა უცებ.
ახსოვდა, ბავშვობისას ბებიასთან საახალწლოდ სტუმრად, რომ ჩაიყვანდნენ, მოხუცი მზის სხივებით დამტკბარ ხურმებს დიდი ლამბაქით, რომ დადებდა მაგიდაზე და გრიშაც, თავის დებთან ერთად გემრიელად მიირთმევდა.
თუმც, კაი ხანია, იქაურობა უპატრონოდ იყო მიტოვებული, მეზობლებს, რომელთაგან უმეტესობა ნათესავად ერგებოდა, ბებიამისის დანატოვარ ეზოში უშეშობის გამო, ხეთა უმეტესობა მოეჭრათ. ახლა კი, ყველაფერ ამას, რომელიღაც სამხედრო შენაერთის სოფელთან ერთი კვირით დაბინავებას უკავშირებდნენ. თუმც, ზოგი ტანმსხვილი ხის მოჭრა დაზარებოდათ და დინამიტით ფესვებიანად აეფეთქებინათ.
”უჰ, ეს ცხრა აპრილი…”, შემთხვევის მიცემისთანავე აღჭრიალებდა კბილებს გრიშა.
ხეხილი შეძლებისდაგვარად განაახლა.  ხურმის ნერგების ადგილას კარალიოკები დარგო, მაგრამ, თითქოს ახლა გაანალიზა ნამდვილი ხურმა სხვა იყო; კარალიოკი შემოდგომის მზეზე, მასავით ნამდვილად არ ჩატკბებოდა.
ნერგებთან პატარა ბიჭი იდგა.
_ხურმის ნერგი გააქვს?..-ხმამაღლა იკითხა კაცმა.
შავგვრემანმა ბიჭმა, ლამაზი სახე და მბზინავი გამოხედვა, რომ ჰქონდა თავი ოდნავ დაუქნია და ჰკითხა:
_რამდენი გინდა?
­­_ერთი, ოღონდ, კარგი ძირი შემირჩიე…
_ერთი რაა? წყვილი მაინც უნდა დარგო, დედალ-მამალი…_თითქოსდა ჭკუა დაარიგა მან.
იქვე, ფიცრებისგან შეკრულ ”სანერგეში” ჩაყრილ მიწაში, ზედაპირულად ჩარგულ ხურმის მომცრო ნერგები მარჯვედ ამოიღო.
_ათი მანეთი!_უთხრა მოჭრით.
მყიდველს არ ესიამოვნა, ასე, მისდა დაუკითხავად, რომ გადაუწყვიტა გამყიდველმა რა და რამდენი ნერგი უნდა ეყიდა.
_რა დედალ-მამალი, მამასხარავებ ბიჭო?!
_არაფერიც, დამტვერიანება თუ არ მოხდა, ისე რათ გინდა…_ნიშნისმოგებით უთხრა ყმაწვილმა.
_ჰო, ჰო ,მაგრამ ხომ გითხარი კარგი ნერგები შემირჩიე მეთქი, ამათ ძირები, სულ მთლად მოშიშვლებული აქვთ.
_ძაანაც კაი ძირებია!_თავხედურად შეესიტყვა ბიჭი.
_რა ახლა ამ ხნის კაცი, კარგს და ცუდს, ვერ ვამჩნევ ვითომ?!
_უკვე ამოღებულია, უკან ჩაბრუნება წაახდენს, კარგად ნახე და მიხვდები, რომ საუკეთესოებს გატან!_მაგრად დაუდგა ბიჭი.
_მეტი რა ნახვა უნდა, ვერ ვხედავ თუ რა?!_გაწიწმატდა იგი.
_კი ხედავ, მაგრამ, ეტყობა ნერგების არაფერი გაგეგება!_როყიოდ თქვა ვიღაცამ.
გზის მიღმა მდებარე ბუჩქებიდან წვერგაბარდნილი დაბალი კაცი გამოვიდა. რაღაცნაირად ჩაკორძებულ, ტოტებდაჭრილ ხეს ჰგავდა.
შემკრთალმა გრიშამ კაცს ამრეზით შეხედა.
_საუკეთესოები შეურჩიე და…_დამცინავად თქვა ბიჭმა.
_არ გრცხვენია, ამ ხნის კაცი ხარ და ბავშვს ჩაგრავ!_თვალები აწყვეტილ ბუღასავით დაუტრიალა წვერგაბარდნილმა,_თუ არ იცი, მე მკითხე, ამ ფესვებმა ბუსუსები თავის მიწაში ჩარგვის მერე უნდა შეიბან…
გრიშა, ორჯერ მეტად იყო ”ჩაკორძებულ” კაცზე მაღალი, მაგრამ იგი ისე დაუნდობელი უცქერდა, რომ მალულად შიში მოეძალა. _გაიხარებს ვითომ?!_იკითხა ორჭოფულად.
_შენ, ოღონდ გადამწვარი ნაკელი ჩააყოლე… არ ინანებ, მამის სულს ვფიცავარ!_ბიჭს ნერგები გამოართვა, ფესვებზე ძველი გაზეთები შემოახვია და კაცს ხელში შეაჩეჩა.
_ არ ინანებ, მერე მადლობასაც მეტყვი…
_ვითომ?_გაუბედავად იკითხა და ხურმის ძირები უნდოდ კვლავ შეათვალიერა.
_მამის სულს ვფიცავარ! თანაც, დღეს, ცხრა აპრილს გარდაიცვალა…_ხაზგასმით დაუმოწმა წვერგაბარდნილმა.
გრიშა დაიბნა.
_რა, დღესაა ცხრა აპრილი?
_რვაში ტელივოზორს უყურებდა, ინერვიულა და ცხრაში დილას გული გაუჩერდა,  პატრიოტი კაცი იყო…
_აცხონოს ღმერთმა, რაღამც მამის სული დაიფიცე…_თავისი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად ჩაილაპარაკა. ათმანეთიანი ჯიბიდან უყოყმანოდ ამოიღო. ჩქარობდა, იმ წვეროსანს გაცლოდა.
_მითქვამს არ ინანებ!_თითქოს დაიქადნა გამყიდველმა.
_ღმერთმა ნათელში ამყოფოს…_შეეცადა კაცს მისი აღელვების მიზეზი არ გამოეცნო,  სწრაფად შებრუნდა და იქაურობას გაეცალა.
”ჩაკორძებულის” გაბარდნილი წვერი მასზე მეტისმეტად დამთრგუნველად მოქმედებდა.
ერთი-ორჯერ ნერგების ძირი მიწაზეც გაახოხიალა.
_ასე თუ ახრიგინე, რაღას გაიხარებს! _მიაძახა წვეროსანმა.
_არაუშავს, არაუშავს…_ნერგები ზემოთ ასწია და ძირებით მკერდზე მიიხუტა.
სახეშეხურებული თავგამოდებით მიიჩქაროდა, ახლა, სახელურით დაჭერილი ჩანთა გაახოხიალა მიწაზე, მაგრამ ამას არ დაგიდევდათ. გზად ჩავლილ მიკროავტობუსის მძღოლს, გუმანით, რომ არ ეგრძნო მისი გასაჭირი და მანქანა არ გაეჩერებინა კიდევ დიდხანს ივლიდა, ისე აოტებული.
”შემომტენეს, მაგ ვირიშვილებმა… ოხ, ეს ცხრა აპრილი!” წვალობდა ფიქრში მთელი გზა. მერე შეშინდა ცუდად არ გავხდეო და თავის დამშვიდება სცადა: ”მამის სულს, ტყუილად ხომ არ დაიფიცებდა…”
ნერგები იმ საღამოსვე დარგო, კარგი ადგილი შეურჩია, დამწვარი ნაკელიც საკმარისად ჩაუფინა, მერე გულმოდგინედ რწყავდა და მოთმენლად ელოდებოდა, კვირტს როდის გამოიღებდა რომელიმე მათგანი, მაგრამ არც ერთმა არ გაიხარა.
”უჰ, ეს ცხრა აპრილი…” კაი ხანს იღრინებოდა გუნებაში გრიშა.
”ცხრა აპრილის” გამოისობით მისი”კარიერა”, რომ ჩაესვენა, ეს ფაქტი, ათ მანეთად შეძენილი უვარგისი ნერგების ამბავმა ლამის გადაფარა.
მერე ამ ამბავით ფიქრაწიოკებულს, თავისდა მოულოდნელად ცნობილი ანდაზა აეკვიატა:
”ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია…”
ზოგჯერ ეგონა, თავის ჭკუაზე აღარ იყო.
ალბათ, ასეც გახლდათ; თითქმის გადაჰყვა იმ ორი წამხდარი ხურმის ნერგების დარდს; ვერც ”თავისუფლებას” ჩაატანა გემო და ვერც ”დამოუკიდებლას”…

1999



***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili



***

***

Flag Counter

Комментариев нет:

Отправить комментарий