იყო ერთი შლეგი, დედაც ძალიან თავქარიანი ჰყავდა. თავიანთი როყიო ლაპარაკით და უთავბოლო გინებით მთელი არემარე აკლებული ჰქონდათ. გიჟებს აბა რა მოეკითხებაო, გულმოწყალედ ამბობდა ზოგი, ბევრს კი, თუმც არ ამხელდნენ, კაი გვარიანი შიში ჰქონდათ, ამ დარტყმულებს, უცაბედად, რამე არ წამოელანდოთ და ჩვენზე არ მოიტანონ იერიშიო...
დედა-შვილი ქალაქის ჩვეულებრივ მრავალსართულიანი სახლის, ასე მიწიდან ოციოდე მეტრით დაშორებულ, რომელიღაც სართულზე ცხოვრობდნენ და თავიანთ გიჟურ ამბებს, უემტესწილად, ასე ვთქვათ, ამაღლებულ და თავისუფალ სივრცეში ჩადიოდნენ.
მთელ ხმაზე ჩართავდნენ კომპაქტ-დისკ დამკვრელს, ფანჯრის რაფაზე კი, მასთან უცნაურად მიერთებული რეპროდუქტორი იდგა, რომელიც აფრაკ რეხოს, რომელიღაც მიტინგიდან აეწაპნა. მთელი დღე ისმოდა დოლის გამაყრუებელი ბაგუნი... მაცხოვრებელებთან, ვითომდაც “ძველბიჭურად” გაშინაურებული რეხო, ზოგჯერ ფანჯრაში ისტერიულად შემოსძახებდა:
-ქეიფია, ქეიფი!
არადა, ბევრს ქეიფის თავი კი არა, ერთი კაი გამოძღომა ენატრებოდა.
ჭკუაარეულებს ფანჯრებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაურიდებლად გადმოყრაც ახალისებდათ. დედა-გიჟის გამორჩეული ჰობი მაინც სდაგულდაგულოდ შემონახული დაძონძილი ფარდაგების ფერთხვა იყო. მზესუმზირების ჩენჩოების ფურთხება კი, ორივეს გამორჩეულ სიამოვნებას ჰგვრიდა.
ქვემოთ მაცხოვრებელთა უფლებებს, რეხოს მიერ აივანზე გამართული სამტრედეს ბინადარნიც, თითქოსდა, საგანგებოდ იგდებდნენ აბუჩად.
მოაჯირზე მოღუღუნე მტრედები ნება-ნება ასკლინტავდნენ ქვემოთ მცხოვრებ მოქალაქეთა გასარეცხად გამოტანილ გაქათქათებულ სარეცხს...
ზოგჯერ, ამგვარი თავდასხმებით შეურაცხყოფილი რომელიმე მეზობელი, თავგასულ დედა-შვილს გულიანად შეუტევდა, ერთი-ორჯერ რეხოს შემოცხეს კიდეც, მაგრამ დედამისმა რიტამ ისეთი ვაი-ვუი ატეხა, რომ საკუთარი უფლების დაცვის მოწადინე მოქალაქე, პოლიციის მიერ მოძალადედ იქნა მიჩნეული.
“ხალხო, ხალხო, სამართალი სულ მოკვდა?! ბავშვი მტრედებს უვლის და იმ ვირმა ველურივით ცემა. მა, ხელი მოუქნია, რეხოს, რომ არ ეყოჩაღა და გვერდზე არ გამხტარიყო, სულ დუმახიჯებდა, ამ ლამაზ სახეს”, რატრატებდა რიტოჩკა.
ვინმესთან წაკინკლავებისას ხომ, გიჟები, სულ მთლად თავის სტიქიაში მიერეკებოდნენ; ფანჯარაში გადმომდგარნი გამაყრუებლად გაჰყვიროდნენ თავიანთი უფლებების შესახებ.
_ჩვენც სხვებივით ამომრჩევლები ვართ, ჩვენც ამოგვეღება ხმა!-ამოჩემებული ჰქონდა დედა-გიჟს.
_აბა რა, უპატრონო კი არ ვართ, მთავრობა გვყავს!_უმალ აუბამდა მხარს შვილი.
შორიახლო პოლიციის უბანი მდებარეობდა, მაგრამ, რადგან შერეკილი დედა-შვილი მთავრობის მხარდაჭერას, ასე ღიად და სახალხოდ გამოხატავდნენ, მათდამი ლოიალურად იყვნენ განწყობილები.
ეს გიჟმაჟუნები, საიმედო, იდეოლოგიურ ფონს ქმნიანო, ორაზროვნულად უთქვამს ერთხელ უშიშროების ჩინოსანს. საქმე იმაში იყო, რომ ფანჯარაში გადმომდგარ აფრაკუნა დედას, უცებ წამოუვლიდა და წინასწარმეტყველებას მახარობელივით იწყებდა:
_ქალო!_გასძახებდა მოპირდაპირე მხარეს მდგომი შენობის ზემო სართულის ფანჯარასთან მდგომ სკამზე მოდარაჯე დედაბერს, რომელიც ხშირად, რაფაზე თავჩამოდებული თვლემდა,_ქალო, გუშინ სიზმარში ჩვენი პრეზიდენტი ვნახე, მიშა, აბა რომელი, სხვა პრეზიდენტი, როდის გვყოლია,_გესმის შენა ეფო დეიდა?!_და როცა მის ხმის გაგონებაზე დედაბერი თავს დაუკანტურებდა, უფრო ხმამაღლა გააგრძელებდა,_პრეზიდენტი…_და დაიწყებდა ჩმახვას თუ რა გმირულად შეებრძოლა მიშა ცხრათავიან ურჩხულს, რა მარჯვედ დააცალა თავები და როგორ გაანთავისუფლა უკუნეთში ჩაძირული საქართველო.
_მიშა მაგარია, ეგ არი თუ არი!_მისამღერივით გააბამდა რეხო.
ეფოც შიგადაშიგ აზრტულად შესძახებდა:
_მაგას ვენაცვალე, მაგასა…
რაღაც სამი წლის წინ იყო სოფლიდან ჩამოსული. უფრო სწორად მარტოდ დარჩენილი ქალიშვილმა ჩამოიყვანა და ახლა გაზაფხულ-ზაფხულზე და შემოდგომაზე მისი თვალის სეირი, ფანჯრიდან თვალთვალი იყო..
გიჟმაჟუნები ათამდე საქველმოქმედო ორგანიზციიდან მაინც იღებდნენ დახმარებას, არაფორმალები ხანდახან ეფოსაც მოიკითხავდნენ.
ამის დასტური ბრჭყვიალა ქაღალდებში გახვეულ კამფეტები გახლდათ, რომლებსაც გააქტივისტებული დედაბერი, ზოგჯერ ფანჯრის რაფაზე ჩაამწკრივებდა.
ერთხელ, მისმა შვილთაშვილმა, პირველკლასელმა ბიჭუნამ, რომელმაც თანატოლებთან ბებოსთვის ნაჩუქარი, იმ ბრჭყვიალა ქაღალდებში გახვეული კამფეტებით ბავშვური გულუბრყვილობით მოიწონა თავი, “საიდუმლოდ” გაამხილა:
_ეს კამფეტები ჩვენს ბებოს,
პრეზიდენტმა გამოუგზავნა, აბა როგორ, პრი-პრი- პრი-ვლეგილებული ამომრჩეველიაო.
ამ “პრივლეგირებულის” წარმოთქმისას საკმაოდ გაწვალდა, მაგრამ იმდენი იჯიუტა, მაინც აღნიშნა, ერთი შეხედვით ფანჯარასთან მდგომ სკამზე უმაქნისად მოკალათებული ბებიკოს ღირსება.
თავად, შინაურებთან თავმომწონედ ბაქიაობდა; მეც პრეზიდენტი უნდა გამოვიდეო; და სიარულსა და ხელების ქნევაში, კიდეც ბაძავდა თავის კუმირს.
ამის მერე, იმ ეზოს ორი მოზრდილი ერთმანეთს ონავრულად, საიდუმლო ტონით მიანიშნებდა:
_პრი-პრი-პრივლეგირებული…_ერთი კი ორთქმავალივით ქშენას იწყებდა და მისამღერივით გააგრძელებდა,_ეფოოო.
გიჟების ქვემოთ ერთი ჰუმანიტარული განათლების მარტოხელა სანდომოიანი ქალბატონი ცხოვრობდა.
ვინც გიჟებს აჰყვება, ის თავადაა გიჟიო... ფიქრობდა თავდაპირველად, მაგრამ სკლინტებით “მოქარგულ” მის აივანს, რომ თავი დავანებოთ, ზაფხულში, დაუსუფთავებელი სამტრედედან ისეთი ქოთის სუნი ჩამოდიოდა, საცოდავს ფანჯარა ვერ გამოეღო, აივანზე გასვლა ხომ შეუძლებელი იყო...
მტრედები მასაც უყვარდა, მშვიდობის მოყვარულიც გახლდათ, შეძლებისდაგვარად ღვთისმოსავიც... მაგრამ რეალობა, ანუ ყოფიერება ქმნის ცნობიერებასო, როგორც მარქსი იმოძღვრებოდა (დარწმუნებული ვარ ამის საბაბი ჰქონდა), მის აზროვნებაში სრულად აისახა.
თავის დროზე პატივსაცემი მეცნიერმუშაკის მცდელობა ჟურნალ-გაზეთებში ამოკითხული ფსიქოლოგიური მიდგომებით შეეგონებინა გიჟებისთვის, რომ სამტრედე სხვაგან გადაეტანა, უცაბედად კრახით დამთავრდა. ერთ დროს, მისდამი, თითქოსდა პატივისცემით განწყობილმა მეზობლებმა, მოულოდნელად, სწორედაც რომ გიჟმაჟური შემოტევა აგემეს.
არადა, ქალბატონი ნია იმ დღეებში, ცოტა არ იყოს, შეფარვით გაამაყებულიც იყო, რადგან შემთხვევით ქუჩაში შეხვედრილმა ტელეჟურნალისტმა გადაცემა “ხალხის ტრიბუნა”-ს სახელით ყოფითი საკითხების მომცველი, რამდენიმე კითვა დაუსვა. მანაც, როგორც ჩვეოდა, თამამად გასცა პასუხები და როცა ტელევიზორის ეკრანებზე ღირსეულად წარმოჩინდა, ზოგმა მეზობელმა ნამალევად გაუმხილა, გვასახელეო.
მაგრამ მოულოდნელად, გიჟების ფანჯრიდან ცნობილი სიმღერის “მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო”_ს მელოდია დაიღვარა.
თავისებურად ესიამოვნა.
დღე დღეს მისდევდა, გიჟმაჟუნების ბინიდან გაუთავებლად ისმოდა პოპულარულ ანსაბლ “ქართული ხმების” ნამღერი.
მარტოხელა ქალბატონი კვლავ
იფერებდა სიმღერის ტექსტსა და მელოდიას, მაგრამ, როცა ფანჯრებში გადმომდგარი მეზობელების ნამალევ ქილიკს მოჰკრა ყური მიხვდა, გიჟების ამგვარი მობილიზება მის დასამცირებრად გახლდათ გამიზნული.
სადარბაზოსთან შეხვედრილ დედა-შვილს, ვითომდაც მშვიდად უსაყვედურა, მგონი რადიოლას გამორთვა დაგავიწყდათო…
_მშვენიერი მელოდიაა…_თავი გამოიდო რიტამ,_მერე რა შნოიანი კაცები მღერიან, თუ კაცები არ მოგწონს ქალბატონო ნია?!_ზედმეტად გაუშინაურდა აფრაკუნა.
_კაცების მოწონება-არმოწონება, რა შუაშია, უბრალოდ ამოვიდა ყელში!_შესძახა აღელვებულმა.
_ვა, ამხელა იყო…_ვითომდაც თავისთვის ჩაილაპარაკა რეხომ.
შინაბერად მიჩნეულ ქალს, ლამის თვალთ დაუბნელდა.
_რაო, რა მაკადრე, შე გათახსირებულო!-რეხოსკენ წაიწია.
_ჩვენც სხვებივით ამომრჩევლები ვართ, გინდ დავუკრავთ, გინდ ვიცეკვებთ!_ გააბა თავისებურად რიტამ,_რა, ჩვენზე მეტი რითა ხარ, წავიდა ის დრო, ინტელიგენტობანას, რომ გვეთამაშებოდი, ახლა აღარ გაგივა…
_მიდი, გაიარე, ფეხი არ მოიტეხო!_იქედნურად გააფრთხილა რეხომ.
ნიამ უცებ ენერგიის მოზღვავება იგრძნო; ახალგაზრდობაში მოფარიკავე გახლდათ და დაკეცილი ქოლგა, ისე მარჯვედ დაატრიალა მომხდურების მისამართით, რომ რიტამ შიშისგან შეჰკივლა კიდეც.
-ვაი, ვაი, ეს, ჩვენზე მეტი გიჟი ყოფილა!
მარტოხელა ქალბატონ ნიას, მეორე დღესვე მოაკითხა უბნის ინსპექტორმა, ახალგაზრდა, კოპწია ქალიშვილმა.
_რა თქმა უნდა, მე თქვენ პატივს გცემთ, მაგრამ საქმე, შესაძლოა ხულიგნობის მუხლით აღიძრას…_ღიმილნარევი მინიშნებით გაუმხილა მან,_დიახ, ვიცით, რომ ადვილად აღეგზნებიან, მაგრამ თუ აგრესიულად არ მოექცევით, ანუ დიალოგში შეხვალთ, საერთო ენასაც ადვილად გამონახავთ,_ორაზროვნულად გაენდო მერე,_თორემ, რამე რომ დაუშავდეთ უფლებადამცველები, ისეთ ხმაურს ატეხენ, თავის მართლების პოზიციაში ჩაგვაყენებენ...
ნია შეეცადა მშვიდად აეხსნა საქმის ვითარება, მაგრამ ინსპექტორი გოგონა, ისე მარჯვედ ხლართავდა სიუჟეტს, ყოფილი მეცნიერმუშაკი ადვილად მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე.
_ჰო, აქტიური მხარდამჭერები არიან…-ჩაიცინა და გადაწყვიტა, თავისი გონებრივი რესურსების მობილიზება მოეხდინა,_კეთილი, ისევ შევეცდები…-დაუმატა მორჩილად.
_მიხარია, რომ ასე მარტივად გავუგეთ ერთმანეთს…_კმაყოფილება გამოხატა ახალგამოჩეკილმა ჩინოვნიკმა,-მათაც აუცილებლად გავესაუბრები!_შეპირდა და თავაზიანად გამოემშვიდობა.
მაგრამ ზემოთ, გიჟმაჟუნების მხარეს კი არ გააგრძელა გზა, არამედ, ქვემოთ დაეშვა.
ნიას მოეჩვენა, რომ ზემო სართულის კედელთან მიტმასნილი რიტა, ფარულად უთვალთვალებდა.
“დივერსანტებივით ჰყავთ გაწვრთნილი…”, გაიფიქრა უნებლიეთ. “თუ არ გავერიდე ნერვებზე მომშლიან, დამანგრევენ… ფსკერზე უნდა გავწვე…”
ფანჯრებზე მუქი ფარდებით დაფარა, თითქოს შვება იგრძნო. მაგრამ მალე რიტას დაუდევრობის გამო უყურადღებოდ დატოვებული მოშვებული ონკანიდან ჩამოთქრიალებულმა წყალმა მისი აბაზანა ერთიანად ჩამორეცხა.
მაინც სიმშვიდე მოიკრიბა; მეზობელს დაყვავებით უსაყვედურა, დაანამუსა, რემონტის ფულს ისევ არ გადგახდევინებ, ოღონდ, ამის შემდეგ ყურადღებით იყავიო. თითქოსდა გიჟუჟაც დაუტკბა.
-იცი, ჩემი ბიჭი საათობით გარინდული ზის და მაგ მტრედებს უსმენს, ამბობს ძალიან მამშვიდებსო..._გაუმხილა.
-ამ მტრედებს, რამე რომ მოუვიდეთ თავს არ ვიცოცხლებ!-გაისმა რეხოს განწირული ხმა,- და აივანზე ჩაცუცქულმა თავისებურად დაიზმუილა.
_მესმის შენი…_გული აუჩვილდა ქალს,_ ოღონდ, სამტრედე ხშირად გაასუფთავე…_სთხოვა მორიდებით.
_ისედაც, სულ სუფთადა გვყავს, ქალოო, მე იცი სოლოლაკზე გავიზარდე, სულ აქა, კი არ ვიყავი, ჩემმა ლოთმა ქმარმა ბინა ჩუმად გაგვიყიდა, იმ სმისგან მერე ჩაძაღლდა კიდეც, მამამისი ცნობილი მედუქნე იყო…ჩვენ, კარენოი თბილისელები ვართ, აბა!
ნიას მთების შუაგულში მოქცეული, თავისი თვალწარმტაცი სოფელი გაახსენდა. განმარტოება მოუნდა, თავის ტკივილი მოიმიზეზა და შარიან მეზობლებს ნაჩქარევად გაშორდა.
ყოფილი მეცნიერმუშაკის სამშვიდობო ტონმა არ გაჭრა; სამტრედე კვლავ ქოთდა, გიჟი კი, მტრედების ცქერაში, თავისებურად მშვიდდებოდა...
ნიამ ახლობელ მოძღვარს შესჩივლა, მან კეთილად ურჩია, გიჟების სიმშვიდისთვის ილოცეო...
ქალი ლოცულობდა, მაგრამ სამტრედე, მაინც გაუსაძლისად ყარდა...
მერე მედიტაციის პირობაზე, მტრედების შემყურე რეხოსადმი, ფიქრში თანაგრძნობის გამოხატვას ცდილობდა, მაგრამ ინტუიცია კარნახობდა, თუ რაიმე საშველს ვერ მიაგნებდა, თავად მას ნერვოზი ჯანმრთლობას გაუნახევრებდა
ერთხელ, ნებსით თუ უნებლიეთ, აივნის მოაჯირზე პურის ნამცეცები დაყრა. მტრედებმა მალე შეამჩნიეს ეს, შინაურულად ჩანმოფრინდნენ, და მალე მათი ღუღუნით, თითქოსდა ნიაც მშვიდდებოდა.
ფრინველები კი, უკვე მისი აივნიდან ასკლინტავდნენ ქვემოთ მაცხოვრებლების აივნებსა თუ გასაშრობად გამოფენილ სარეცხს. მალე მათ ბეღურების მთელი არმიაც შეურთდა... მერე ქედნებმა იწყეს გარშემო ტრიალი...
მარტოხელა მანდილოსანი ლამის ბედნიერი იყო.
ისე გამოდიოდა, რომ გამოსავალის ძიებაში აბნეულმა, გიჟმაჟუნების ჩვევები შეითვისა.
მაგრამ მოულოდნელად რეხომ, თითქოს იეჭვიანა, მტრედები სახურავზე გამართულ მოზრდილ სამტრედეში გამოკეტა.
მეზობლის გასაგონად კი აყვირდა:
_გასართობად კი არ მოვაშენე; ეგენი ელიტარული მტრედებია, ერთი წყვილი ხუთასი დოლარი ღირს; გარეული მტრედებისგან, რომ რამე ბაცილა აიკიდონ, მერე მე პურს ვინ მაჭმევს?!
მარტოხელა ქალბატონი სხვაგვარმა ეჭვებმა შეიპყრო:
“ამას მტრედების ბიზნესი ჰქონია, ალბათ, პოლიციასაც უხდის თავის წილს…”, და სულ სხვა საშიშროება იგრძნო.
სადღაც ამოკითხული გაახსენდა; ის რომ მტრედებს ოდითგანვე, განსაკუთრებით ომის დროს, არა მარტო ფოსტალიონებად იყენებდნენ… ხოლო თავის დროზე, აშშ-ს
ყველაზე გასაიდუმლოებული სადაზვერო უწყება _ნაციონალური უშიშროების სააგენტო, ვაშიგტონში საბჭოთა კავშირის და ჩინეთის საელჩოების თანამშრომელთა საუბრების მოსასმენად დიდი ხნის მანძილზე მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეულ ტკბილად მოღუღუნე არსებებს, როგორც აგენტურას, ისე იყენებდა. ამ საელჩოების აივნებზე და ფანჯრის რაფებზე მუდმივად ”მოდარაჯე” ფრინველებს სპეცსამსახურის თანამშრომლები ჩუმად იჭერედნენ, ბუმბულის ქვეშ მინიატურულ ანტენას, მიკროფონს და გადამცემს შენიღბულად უმაგრებდნენ და გამიზნული მანევრირებით უშვებდნენ. ზაფხულის თვეებში, როცა სიცხით შეწუხებული დიპლომატები ფართოდ აღებდნენ ფანჯრებს, რაფებზე დაყრილ საკენკთან
მოფუსფუსე მტრედები, მეტისმეტად გაშინაურებულად გრძნობდნენ თავს.
“ალბათ, არც კაგებე კარგავდა დროსო…”, დაასკვნა
ნიამ, აკვიატებული იჭვი თავისას შვებოდა.
_ვინმეს უპატრონო, ხომ არ ვგგონივართ, მთავრობა გვყავს…_ხშირად ესმოდა ქადნების კილოზე წამოსროლილი რიტას ხმა.
უნდოდა არ უნდოდა, ეს ხმა ყოფილ მეცნიერ მუშაკზე დამთრგუნველად მოქმედებდა.
ხვდებოდა გიჟების იდეოლოგიზაციაში პროფესიონალი “ვერბოვშჩიკების” ხელი ერია.
“კაგებეს ნამუშევარია…” ფიქრობდა ძველებურ სტილზე, თუმც კარგად იცოდა, აღარც საბჭოთა კავშირი არსებობდა და აღარც სსრკ-ას უშიშროების კომიტეტი.
ამგვარი განწყობით აფორიაქებული ქალბატონი, ქოთის სუნს უფრო მძაფრად გრძნობდა. როგორც ჩანდა, გიჟუჟები ვირეშმაკობდნენ; რეხოს საღაამობით რჩეულ “წყვილებს” აივანზე გამართულ გალიაში აბინავებდა.
ნიას შინ გაჩერება უჭირდა, არადა, ქუჩაში, თუ სადმე მიკროფონმომარჯვებულ კორესპოდენტს შეამჩნევდა, უმალ ცდილობდა მასმედიის წარმომადგენლის თვალთახედვის არეალს გარიდებოდა.
გარშემო ისეთი ამბები ესმოდა, გრძნობდა პოლიცაში დარეკვის სურვილი წართმეული ჰქონდა.
და მოულოდნელად ქართული ანდაზა, თითქოს მხსნელად ამოტივტივდა მის მეხსიერებაში: ”სადაც შავარდენი ბუდობს, მტრედი ვერ გაიხარებსო…”, შესძახა გონებაში.
უმალ ყოფილი თანამშრომელი ანდრე გაახსენდა, რომელიც ბაზიერობას ჩემულობდა, და ხშირად ნიშნისმოგებით წაიტრაბახებდა: შავარდნის ახლოს ქედანი ვერ იბოგინებსო…
ერთი პირობა ანდრე მასზედ შეყვარებულიც კი იყო, გარეგნულად არა უშავდა რა, მაგრამ ნია იმისთვის წუნობდა, ხელებზე ერთავად ფრინველის
სუნი ასდისო. მწველად იგრძნო, როგორ მონატრებოდა ის სუნი.
გაახსენდა, ერთი წლის უკან, ანდრემ რომ დაურეკა, თავი შეახსენა და თავისებური იუმორით მიიწვია:
_ცოლი საზღვარგარეთ წავიდა, შვილებიც მალე გამოედევნენ, ქორ-შავარდენის მეტი აღარავინ დამრჩა და იქნებ შევხვდეთ, სამსახურის ამბები გავიხსენოთო…
მაშინ, ცოტა არ იყოს განაწყენდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად მოენატრა, ქორ-შავარდენის სუნით გაჟღენთილი მისი ხელები…
“შავარდენს თუ გავიჩენ…”, ფიქრს იმედიანად მიჰყვა. “არ გაუვათ გიჟმაჟური დივერსია…”
2007
***
*
ჯანრი გოგეშვილი
- ***
- რეკლამა და სიყვარული (იუმორისტული მოთხრობა) / Adve...
- ვალი (მოთხრობა) / The debt (Story)
- ძაღლები
- ზედმიწევნით ახირებული კაცი
- ზიგზაგები (მოთხრობა) / The Zigzags (Story)
- ”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული)
- ”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /...
- ”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”
- გრიგალში
- ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny s...
***
Комментариев нет:
Отправить комментарий