среда, 2 августа 2017 г.

მცირე შტრიხები ქართველთა ყოფაში მომძლავრებულ სინდრომთა შესახებ



ხვანცარიკობის სინდრომი

*
შემდგომ კი... 13 ივლისი 2017
ოპოზიციურად ყელმოღერებული

ამ კაცს, უნიჭო ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ არც ისეთი გამორჩეული ხელწერისა და ხედვის შემოქმედი ეთქმოდა, მას რომ წარმოედგინა.
შიგადაშიგ, ოპოზიციურად მოიღერებდა ყელს, მაგრამ შეფარვით ხელისუფლებაში ”მომჯდარ” ტიპებსაც აწონებდა თავს. მათთან დაახლოება ვითარებისდა მიხედვით, მართლაც ეხერხებოდა.
სამედიო მოგონებებს, განვლილი ცხოვრების იმ ეპიზოდებიდან ადგენდა, რომლებიც მისი გათვლით, ეგრეთ წოდებულ ელიტარულ მდგომარეობას უქმნიდა. საკუთარი მეხსიერების ცენზორიც თავად გახლდათ და იმათთვის, ვინაც მისი ჭკუით, მისეულ ”ელიტარობას”, ჩრდილს მიაყენებდა, საგულდაგულოდ ჰქონდა ხაზი გადასმული.
არადა, ამ ”ხაზგადასმულთაგან” ერთმა ორმა ძნელბედობის ჟამს ხელი გვარიანად გაუმართა, მისივე და მის მიერვე მივიწყებული სიტყვები, რომ მოვიშველიოთ ”სასოწარკვეთისგანაც” კი იხსნა. მაგრამ ახლა, მათთან ურთიერთობას ცუღლუტურად არიდებდა თავს, რადგან ისინი კვლავაც იქ, მართალი საქმის დაცვისა და უკეთურთა მხილების სადარაჯოზე იდგნენ.
ამას კი, დიდება ძველებურად ხიბლავდა, თავის მიერვე ფარულად გავრცელებული ”ეპითეტების” მიხედვით ხან ”ერის სინდისი”, ხანაც მოყვასისთვის თავდადებული რაინდი, ”უშიშარი ვითარა უხორცო” გახლდათ. თუმც, შიგადაშიგ ოპოზიციურად ყელმოღერებული, ისე მოხერხებულად გამოხატავდა თავის სიმპათიებს ამა თუ იმ ”აღზევებულის” მიმართ, რომ მორიგი ”წყალობაც” არ აყოვნებდა.
რა თქმა უნდა, მის გარეშე, სხვაგვარად უინტერესო იქნებოდა ეს ცხოვრება, რადგან კარგი ამბების საკეთებლადაც მიუწევდა გული. ჰქონდა კიდეც კეთილად მოსაგონარი, უბრალოდ ესაა, ამ ბოლო დროს, მასმედიაში, მსგავსნი, მხოლოდ თავსი ”საგმირო” საქმეებით და შეკოწიწებული ”ელიტარულობით” იწონებენ თავს… ავიწყდებათ საიდან მოდიან და საიდან იკრეფდნენ ძალას…
ამ ქვეყანას კი, შეურყვნელი მეხსიერება ინხავს…
***
8 ივლისი 2017
თემატური მინაწერები:

ქართველი ერის კულტურული თვითმყოფადობით, გარეგნული სიმშვენიერით, სიმამაცითა თუ გონიერებით მრავალი მოგზაური, დიპლომატი, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწენი მოხიბლულან…
მაგრამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხედულების მქონენიც იყვნენ და ისტორიამ მათი შეხედულებანიც შემოგვინახა. აი, ზოგი მათგანიც:
…ქართველები სწავლულები და დიდი ხელოვანნი გამოვლენ, რომ სწავლაში და ხელოვნებაში მწვრთნელი ჰყავდეთ. მაგრამ ძლიერ ცუდად იზრდებიან, ამასთანავე ცუდს მაგალითებსაც ხედავენ. ამის გამო მეტად უცოდინარნი და ბიწიერნი არიან. ქართველებში ბევრია მზაკვარი, ვერაგი, დაუნდობელი, ცბიერი, ბრიყვი, ამპარტავანი…
შარდენი
”მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”, 1686 წ.
*
”ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩაგდებით ერთმანეთი დაღუპონ…”
პიეტრო დე ლა ვალე
”საპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა”, 1628 წ.
*
დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ხომ, თავის სათავგადასავლო წიგნში ”კავკასია” (მოგზაურის ჩანაწერები), ისე მადლიანად, სიყვარულით, მაღალფარდოვნად აღწერს ქართველებსა და საქართველოს, რომ შესაძლოა, თავად ქართველი მკითხველიც კი, გადამეტებით დარჩეს მოხიბლული.
*
და ასე შემდეგ…
*
მაგრამ ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქართველთა თავდადებული ქომაგის, დიდი მოაზროვნის ილია ჭავჭავაძის მიერ, ერის შესაფხიზლებლად შეთხზული შეგონებანი. ამ მხრივ ფრიად ყურადსაღებია, მისი მამხილებელი ლექსი ”ბედნიერი ერი”.
მაგრამ დღევანდელ საქართველოში მავანნი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასა და მოღვაწეობასაც აქილიკებენ, რათა თავისი ჭიანი ადგილი დაიმკვიდრონ ე. წ. ”ლიბერასტულ” რეალობაში.
რა თქმა უნდა, თვითგვემით ”გართობა” კარგს არაფერს გვიქადის, მაგრამ ზოგ ჩვენებურ ”ახირებაზე” კი ნამდვილად გვმართებს ყურადღების გამახვილება, მით უფრო იმ ფონზე, როცა ამგვარი ”ახირებანი” ზოგი ქვეყნის ყოფაში გარკვეულ სინდრომადაა ქცეული.
განმარტებისთვის:
სინდრომი
მასალა ვიკიპედიიდან _ თავისუფალი ენციკლოპედია.
სინდრომი (ბერძ. σύνδρομον, σύνδρομο - Syndrome - თავმოყრა) — ტერმინი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში, ნიშნავს რაიმე დაავადების დამახასიათებელი რამდენიმე ნიშნის ანუ სიმპტომის ერთობლიობას.
კულტურასთან შეჭიდული სინდრომები

ცალკე გამოყოფენ კულტურასთან შეჭიდულ სინდრომებს, როდესაც ესა თუ ის სინდრომი, როგორც ნიშანთა ერთობლიობა, სხვადასხვა სახელითაა ცნობილი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ხალხებში.
კულტურასთან შეჭიდული სინდრომის მაგალითია მალაიზიაში კარგად ცნობილი ამოკის სინდრომი (Amok). ამოკის სინდრომი უმთავრესად გვხვდება მამაკაცებში და ხასიათდება აგრესიული აფეთქების ხანმოკლე ეპიზოდებით. აგრესიული შეტევის დროს ასეთი ადამიანი კლავს ან მძიმე დაზიანებას აყენებს ნებისმიერ შემხვედრს. ამოკის სინდრომში გაერთიანებულია შემდეგი ნიშნები: დევნის მანია, ავტომატიზმი, შეტევის ეპიზოდის შემდეგ ამნეზია და დაღლილობა. ამოკის სინდრომი ქრონიკული ფსიქიური დაავადების თანმხლებია. სხვა კულტურებში იგივე ნიშნები სხვა სახელის სინდრომის ქვეშ არის გაერთიაინებული. პოლინეზიაში ამას კაფარდს უწოდებენ (Cafard ან Cathard), პუერტო რიკოში - მალ მეტა პელეას (Mal Mata pelea), ნავაროში კი იიჩ’აა-ს (iich'aa).
***
ახლა კი,  ისევ ჩვენეული ფსიქოსივრცის მოკვლევა გავაგრძელოთ: 

ნაბიჭვრობის სინდრომი

ვფიქრობ ”აგრესიული აფეთქების ხანმოკლე ეპიზოდები” ჩვენში არა მარტო მამაკაცებში და მოზარდებში, არამედ ქალბატონებშიც გვარიანადაა მომძლავრებული; ამას ერთვის მარაზმამდე ”აღზევებული” გინებისა და ბილწსიტყვაობის ფენომენი. განსაკუთრებით შესამჩნევია როცა აჟიტირებული ტიპი, გულის მოსაოხებლად, თითქოს ირიბად, არაპირდაპირ აგინებს, იქ არ მყოფი მესამე პირს; ”შენ დედას…” მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ამჟღავნებს უპატივცემულობას თანამოსაუბრის მიმართ, მეორე პირის ნაცვალსახელის მოშველიებით, მსმენელს შენიღბულად აყენებს შეურაცხყოფას. ”შე ნაბიჭვარო…” ”შე …”; ”შე …” (მაგრამ ”შე მამაცხონებულო-ს” ამგვარი ტიპისგან, თითქმის ვერ გაიგებთ.) მან კარგად იცის რომ ღირსეულ თანამოსაუბრეს ავად სხვანაირად ვერ შესწვდება და იმის შიშიც ააქვს, თუ ჩემს მზრაკვობას მიმიხვდა, შესაძლოა ქეჩოში წამომცხოსო… ამ ”ხერხით” ავადმყოფურად იოხებს გულს, შეფარვით იმაგრებს ”ავტორიტეტს”. და როცა შენიშვნას აძლევენ, ჯერ გაიოცებს, კი მაგრამ, აქ საწყენი რა არისო, მერე კი, თავგადაკლული იფიცება, როგორ გეკადრება, მე ”შენ” კი არა, ”ის” და ”ის” მყავდა მხედველობაშიო.
შესაძლოა, ყოველივე ეს, ვისმე ბრმა წამბაძველობით ხდებოდეს, თუ არადა, უდაოდ _ ნაბიჭვრობის სინდრომია…
*
შეზღუდულობის სინდრომი

კიდევ ერთი ნიშანდობლივი სახე ჩვენი ყოფითი ფსიქოლოგიისა გახლავთ: …”უჩემოდ ვით იმღერეთა?” ამაზე, მრავალი გონივრული შენიშვნა წარმოთქმულა და დაწერილა. მაგრამ მე ჩემსას გაგიმხელთ: ერთმანეთის მიმართ უშნო ჯიბრი, ცუდად მოგვეძალა. ზოგადად, საყოველთაო მოწონებას და აღტაცებას იწვევს ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება, კულტურის მუშაკთა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება, მაგრამ შიდა გარემოცვაში, ჩვენ გვერდით მოასპარეზე ინოვაციურად მოაზროვნე კოლეგის ”ატანა” ფრიად გაძნელებულია, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი ვისმე ”ავტორიტატულ” სტილს არ ექვემდებარება…
ის რომ, მსგავსი ინოვაცია, ერთიანი საასპარეზო სივრცის აღმავლობას შეუწყობს ხელს, ამა თუ წამოწყების, შინაურ პოზიციებზე გამაგრებულ მესვეურთ ნაკლებად იზიდავთ…
თავიანთ კარგ საქმეს, რომ სხვისი წამოწყებული კარგი საქმეც წაამატონ თავიანთი ავტორიტეტის ”შელახვად” მიაჩნიათ.
ვგონებ: შეზღუდულობის სინდრომია
*
გაბღენძილობის სინდრომი

გაბღენძილობა, საკუთარ აზრებზე ეგზალტირებულ ”სუპერპატრიოტთა” მომაკვდინებელი სენია…
სამშობლო ქალი ან ვაჟი არ არის, რომ მისდამი სიყვარული ამა თუ იმ გამორჩეულ, ზოგჯერ ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ ნიშან-თვისებების გამო ჩაგვესახოს.
ლოგიკურად თუ ადეკვატურად მოზროვნე ადამიანი სამშობლოს სიყვარულს ვერა და ვერ აიცილებს…
ცნება სამშობლოში, ბევრად უფრო მეტია გამაერთიანებელი და მარადიული, ვიდრე პირობითობაზე, სტიმულირებაზე აღძრული რეაგირება.
სამშობლო თავზე ხელს ნამდვილად ვერ გადაგისვამს, მაგრამ იგი მაინც გიყვარს და ყველგან და ყოველთვის გენატრება.
ჰოდა, თუ არა ეს დამანგრეველი ”გაბღენძილობა”, რაა იმის მიზეზი, რომ ამ სიყვარულის გამოხატვის გზები, ჩვენს პოლიტიკოსთა სწრაფვაში, ხშირად, ასე, დიამეტრულად განსხვავებულია.
სახრავსა და გამოსარჩენზე მსჯელობით, ჩემეულ დიაგნოზს, ამჯერად, არ დავამძიმებ. თუმც, მწვავე რეალობისდა მიხედვით, ამგვარი თვალსაზრისი, ბევრს შესაძლოა მარტივი და გულუბრყვილო ეჩვენოს…
კი, გაბღენძილობის სინდრომი გვარიანად გვაზიანებს…

*


ინერციიის სინდრომი

_მე, ყველასთან კარგად მინდა ვიყო…_ხშირად და ხაზგასმით იმიორებს მავანი.
კი ბატონო, ცუდი სურვილი როდია, უმრავლესობას გვსმენია, პაციფისტების შესახებ; ანუ, ”მიზნებისა და საშუალებების მიუხედავად ყველა სახის ომების დამგმობელი მსოფლმხედველობა, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას მოითხოვს.”
მაგრამ, ”მე, ყველასთან კარგად მინდა ვიყო…”  ამგვარი კონფორმიზმი, უბრალოდ, ვინმეს ან რაიმეს მიმართ აშკარა ღალატია.
არადა, ისინი, რომლებიც, ამ თუ ამისდამაგვარ განაცხადს, თავისი ”მშვიდობისმოყვარეობის” სარეკლამოდ იყენებენ, თავხედები ნამდვილად არ არიან. პირიქით, ზრდილები და კეთილმოუბარნი ჩანანან. მაგრამ, არც ხაზგასმითი მორწმუნეობით და არც ალტრუზმით გამოირჩევიან. თავისას, ხელაღებით არ გასცემენ, არც, საკუთარი ”ხედვის” დათმობა სჩვევიათ.
”მე, ყველასთან კარგად მინდა ვიყო…”
რარიგ შეიძლება ამ გარემოსა და ვითარებაში, ყველსთან, განურჩევლად ”შეხედულებებისა”  კარგად იყო და ნებსით თუ უნებლიეთ ვინმეს ან რაიმეს არ ღალატობდე: სამშობლოს, მრწამს, ოჯახს, აქეთურს ან იქეთურს, ”ყველასთან, რომ კარგად იყო…”, ვიღაცის უმსგავსობაზე, თვალი უნდა დახუჭო, დაყრუვდე და ღვთისგან ბოძებულ ღირსებაზე ხელი აიღო. ანდა, როგორ უნდა მოახერხო, რომ მოძალადედ მოვარდნილს, რომელსაც, შენი სამშობლოს გადაქელვა, შენი მრწამსის და ენის შებღავლა სწადია, შენი ”კეთილგანწყობა’, იმგვარად ”შეასმინო”, რომ თავის ავ გაზრახვაზე უარი თქვას. ბოლოს და ბოლოს შენი ოჯახის, სანათესაოს გადავლის ზრახვა თუ მოსვენებას უკარგავს, და… რაღა გაგრძელება უნდა, ისედაც ხვდებით, რაზეა საუბარი.
აჰ, მის შეურაცხყოფამდე, არ უნდა მივიდეს საქმე, თორემ, რაღაც საპასუხო შესაბამის რეაგირებას, ალბათ მოახერხებს. აჰ, დაპირისპირებულ პირებს, ერთსაც, მეორესაც, მესამესაც ერთი ერთზე კვერს დაუკრავს, ან საპირიპირო აზრს არ გამოთქვამს, ან დუმილს ”მოიმარჯვებს”.
”ყველასთან კარგად ყოფნის” მოსურნე შეიძლება მედროვედ _  დროის შემყურდ მივიჩნიოთ, მაგრამ ეს ცნება სრულად ვერ გამოხატავს მათ ბუნებას, არის რაღაც, რაც მათ განასხვავებთ,  ისინი, ბუნებრივად ესწრაფვიან, მშვიდად, უპრობლემოდ ცხოვრებას. ვერც, ტერმინი კონფორმისტი ასახავს ამგვარ პიროვნებათა ნამდვილ სახეს, რადგან, როცა მათ პირადს ექმნება საფრთხე, შემგუებლობა ნამდვილად არ ახასიათებთ. ამ ტიპის ადამიანისთვის, ყველასთან კარგად ყოფნა, თავისებური დიპლომატიაა, საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. უნებლით ცნება ”იანუსის” ორსახიანი გამოსახულება გახსენდება, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით არაგულწრფელ, ორპირ პერსონაზე მიგვანიშნებს. თუმც ეს, თავისი ქმედებაში, ხომ გულწრფელია, ანუ მშვიდად, უპრობლემოდ ცხოვრებას ესწრაფვის, სხვათა სიმართლის მიფუჩეჩების ხარჯზე. ამოძრავებს პირადი წვრილმანი ინტერესები...
”ობივატელი!” ამოისუნთქვს მკითხველი, პირდაპირ გეთქვა, რას გაგვაწვალე შე კაცო. მაგრამ ეს ”ტიპი”, შიგადაშიგ, გარკვეულ საკითხთთა შესახებ საზოგადოებრივი თვალთახედვის უნარს, რომ ამჟღავნებს.
აჰ, ხვანცარიკი!  სულმნათი აკაკის ირონიული მინიშნება, თითქოს მხსნელად გევლინება. ”ორტოტი მახე, რომელიც ერთი თავითაც იჭრს და მეორითაც” კი, მავანთა უთავბოლო ხვანცარიკობამ და იქით-აქეთ კუდის ქნევამ დააჩიავა ჩვენი ქვეყანა...
მაგრამ, გული გეთანაღრება; მთლად, ასეც გაუბედურებული, რომ არაა… გასაწირად არ გემეტება.
და უცებ ფიზიკა გშველის: ”ინერცია (< ლათ. inertia — უმოქმედობა; ზოგჯერ ინერციულობა) — სხეულის თვისება - შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ არსებობს ან გაწონასწორებულია, ხოლო სხეულებზე ძალთა გაუწონასწორებელი სისტემის მოქმედების დროს – უძრაობის ან მოძრაობის მდგომარეობა შეიცვალონ თანდათანობით და არა მყისიერად…”
ჰო, ალბათ, ინერციის სინდრომი… ”მერე, მე არაფერი მამივა?”
ეეჰ, "როგორიც ბერიო, ისეთი ერიო".
ინერციის სინდრომი
 

*
ისევ უნდობლობის სინდრომზე…

რიგითმა ადამიანებმა პოლიტიკური ლიდერების მიმართ რომ რწმენა დაკარგეს, ეს ნათელია, მაგრამ რაც უმთავრესი და მტკივნეულია, საქართველოს ტკივილით ნასაზრდოები თაობა, ტელე-ინტერნეტ მოღვაწე, ეროვნული ლიდერობის მოსურნე პერსონებსაც უნდოდ ეკიდებიან.
რადგან, უმეტესობის ნათქვამს და საქვეყნოდ დაქადნებას ფასი აღარა აქვს; შენ, კი გინდა ენდო მათ სიტყვებს. უერთგულო, მაგრამ ის, ვისაც ამგვარი ”დაფიცების” პირობაზე მხარს უმაგრებ, თავისი ”ხეირის” მიხედვით იცვლის აზრს და მიმართულებას და სრულიად მოსალოდნელია, მორიგი ”საშოვრისკენ” მზაკვრულად გადაინაცვლოს, ან ისეთ ვინმესთან აღმოჩნდეს ”შეკრული”, რომელიც ქვეყანას აშკარად ძარცვავდა, აჩანაგებდა. 
ასე რომ ”გასაერთგულებელი”, თითქმის არც არავინ დარჩა… რა თქმა უნდა, მასმედიაში გამოჭენებული პოლიტიკური სფერო მაქვს მხედველობაში. 
და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გარკვეული, მეტწილად სუფთა ბიოგრაფიის მქონე ეროვნული სულისკვეთებით აღჭურვილ ”ქართველთა ერთობის” მიერ, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისადმი ერთგულებასა და თავდადებას არ ვიხილავთ..

P.S. სამშობლოს ერთიან სივრცეში აღძრულ სატკივარზე გამოთქმული ჩემეული მოსაზრებანი, არვის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად. მხოლოდ მცდელობაა, რათა საკუთარი ყოფის უკეთ დანახვა შევძლოთ…
ჯ.გ.



*
Flag Counter







Комментариев нет:

Отправить комментарий