(ბიოგრაფიულ მოვლენათა ერთობლიობიდან; სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...)
გენეტიკით ჩასაფრებული
_მძულს შენი ნაწერები!_მომაძახა მან, შევეჭვდი, ხომ არ მომესმა მეთქი, მაგრამ რომ მივიხედე, ცოტა არ იყოს გაბოროტებით მიცქერდა.
_ძალიან კარგი…-მივუგე მხიარულად.
_ძალიან კარგი…-მივუგე მხიარულად.
_რომანებიც, ზღაპრებიც, მოთხრობებიც, წერილებიც და შენი იუმორიც!!!_დამიზუსტა მიზანდასახულად.
_როგორ გამახარე, არც მეგონა ჩემს ნაწერებს თუ ასე კარგად იცნობდი?!_
ცოტა არ იყოს სიამაყის გრძნობა დამეუფლა.
გამომწვევად მომშტერებოდა. ალბათ ფიქრობდა, ჩემი აზრი გააღიზიანებს, შემესიტყვება და დასალევად გავიტყუებო.
ან იქნებ, დიდი ხნის სურვილი აისრულა.
ჰო, მშრალ ხიდთან შემხვდა, ერთმანეთი დიდი ხანი არ გვენახა; ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, თითქოსდა, ერთი სამეგობრო გვაკავშირებდა. ასე ვთქვათ, ხელოვანთა წრის წარმომადგენლად მოჰქონდა თავი.
ბაბუაჩემი მაგარ ლექსებს წერდა, მაგრამ არ უბეჭდავდნენო, ნიშნისმოგებით მიმანიშნა ერთი-ორჯერ.
მომიტანე წავიკითხავ მეთქი, დახმარების სურვილით შევთავაზე ერთხელ.
შეფარვით აიმრიზა, შენ ვერ გაუგებო და ერთი სტროფი სასინჯად მოაყოლა.
სუსტი მეჩვენა, მაგრამ არაფერი მითქვამს.
ჩემი დიდი პაპაც ხატავდაო, ამაყად გაგვიმხილა ერთხელაც სუფრასთან შეზარხოშებულმა. მაგარი ნახატები ჰქონდა, მაგრამ სურათების გამოფენის საშუალება არა და არ მისცეს და თავი მიანებაო.
თავადაც ხატავდა, მაგრამ ღირებული არც არაფერი ჰქონდა შექმნილი.
ჩემთან მეგობრობას კი ცდილობდა, თუმც, ჩასაფრებულს ჰგავდა. შენი ნაწერის წაკითხვა მიჭირსო, შეპარვით გამიმხილა ლიტერატურაზე საუბრისას.
მერე ნუ წაიკითხავ მეთქი, მხიარულად დავამშვიდე. გრძნობდა, რომ ჩემთვის უმნიშვნელო იყო, თუ რას ფიქრობდა ჩემს ნოველებსა თუ მოთხრობებზე…
დავამთავრეთ ინსტიტუტი; ჰო, დაუსწრებელზე ვსწავლობდით, (თუ იმას, საერთოდ სწავლა ერქვა) წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ თუ გვიწევდა შეხვედრა და ისე დავცილდით ერთმანეთს, ჩვენი მისამართების დაზუსტებაც კი არ გაგვხსენებია.
და აი, ათიოდე წლის შემდეგ მშრალ ხიდთან გადავეყარე. წვერმოშვებული იყო, თვალები ამღვრეული ჰქონდა, ნალოთარს ჰგავდა. ყურმოკრული მქონდა ”ბარიგებში” ტრიალებდა, ზოგ-ზოგს კი ანტიკვარიული ნივთების გაყიდვაში ეხმარებოდა…
მე, მწერლობაში უკვე გარკვეული სივრცე მქონდა, ძაან ცნობილი ნამდვილად არ ვიყავი, (არც ახლა ვარ) მაგრამ ჩემს ტექსტებს ინტერესით კითხულობდნენ. ათ, თუნდაც ოცი ათასი ტირაჟით გამოცემული ჩემი რომანები მკითხველებამდე ადვილად აღწევდა.
იმ ხანად, ერთ წიგნად შეკრული ორი რომანი ”გამთენებელი ღამისა” და ”…რომელსა შენ მდევნი…” ახლომახლო გამოფენილ წიგნების გამყიდველების მაგიდებზეც შეხვდებოდით.
ჰოდა მანაც, ისე, თითქოს წინა დღეს დავცილდით ერთმანეთსო, ხუთი მანეთი ხომ არ გექნებაო. ჯიბიდან ათმანეთიანი ამოვიღე და პერანგის ჯიბეში ჩავუდე.
სადმე ხომ არ გადაგვეკრაო შემომთავაზა უმალ.
ახლა არ შემიძლია, სამზე შეხვედრა მაქვს მეთქი.
ისევ პროზაში ხარო, გამკილავი კილოთი მკითხა.
ჰო, ადრე, ჩემთან საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნავდა. მწერლობაში უპირველესი პოეზიაა და არა პროზაო. ერთხელ, შევეცადე ამეხსნა, რომ მთავარი ისაა, ვინ როგორ წერს, ნაღდი მწერალი,გინდ მოთხრობებს წერდეს, გინდაც პუბლიცისტი იყოს,აუცილებლად პოეტური მუხტის მატარებელია მეთქი. მაგრამ იგი თავისას მიმტკიცებდა, პოეტს, როცა მოესურვება, მაშინ გახდება პროზაიკოსი, პროზაიკოსი კი ნამდვილ ლექსს ვერც ვერასოდეს დაწერსო. სერიოზულად არ აღვიქვამდი მის ამგვარ ახირებას და არც საკამათოდ მიღირდა.
და ახლა მის ”ორაზროვნულ” მინიშნებაზე გულიანად გამეცინა. არა რაზე, ზოგჯერ ლექსიც გამომდის მეთქი და უცებ ექსპრომტად მივუქარმაგე:
ჩემო სიცოცხლევ, რა გინდა მითხარ,
რად მეპრანჭები სულის ღრიჭოში…
შავბნელ ფიქრებში ამაოდ თრთიხარ,
გარეთ გამოდი, ღია მინდორში…
შეცბა, დაბნეული შემომაჩერდა.მეჩვენა ”ცაიტნოტში” ჩავარდა.
მე კი, მხარზე ხელი შევახე, კეთილად გამოვემშვიდობე. გზას ხალისიანად გავუყევი.
და მანაც დამადევნა:
_მძულს შენი ნაწერები!
რა თქმა უნდა, მეჩვენა, რომ იხუმრა, მაგრამ ისიც ვიგრძენი, შურისმაძიებლური ნოტა, რომ ჟღერდა მის ხმაში.
უნებლიეთ, ჩემთვის უსარგებლო ნახმარი ნივთების თვალიერებას შევუდექი.
მერე გამახსენდა, რომ პაპამისს მხატვრობაში მოეცარა ხელი, ბაბაუამისს პოეზიაში, მამამისს; მამას იშვითად ახსენებდა, ერთხელ წამოცდა მაგარი გამოგონებები ჰქონდა. მაგრამ ვერ უგებდნენ და გალოთდაო.
არ ვჩქარობდი იქურობას გავცლოდი.
იქნებ ველოდი, ისევ შემეხმიანება მეთქი, რომ მივიხედე, ხიდზე მიჩაქჩაქებდა.
2000
ჯანრი გოგეშვილი
ჯანრი გოგეშვილი
- ***
- რეკლამა და სიყვარული (იუმორისტული მოთხრობა) / Adve...
- ვალი (მოთხრობა) / The debt (Story)
- ძაღლები
- ზედმიწევნით ახირებული კაცი
- ზიგზაგები (მოთხრობა) / The Zigzags (Story)
- ”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული)
- ”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /...
- ”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”
- გრიგალში
- ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny s...
Комментариев нет:
Отправить комментарий