_რა კაცი, რა კაცი გაუმეტებიათ, თანაც გილიოტინისთვის… მე მაგათი! მე მაგათ კაცობას რა ვუთხარი! ვინ ყოფილან ესენი?!_ნაწყვეტ-ნაწყვეტ შესძახა, რომელიღაც ენციკლოპედიის კითხვით გართულმა ნოემ.
_ვიინ, ვინ გაუმეტებიათ?_იჭვნეულდ ჰკითხა, დერეფანში, ზეწრების უთოობით დაკავებულმა მეუღლემ.
_ვინ და ლავუაზიე…
_ოო, შენ რა გითხრა, შემიქანე გული…_უსაყვედურა ქალმა, ქვეყანა თავზე გვენგრევა და შენ ლავუაზიეს მისტირი…
_უსამართლობა, ყოველთვის უსამართლობაა, ასეთი კაცის გილიოტინაზე აყვანა, ნეტა რომელმა ტვიშექანებულმა გაბედა…
_კარგი, ჰო, ახლა ლავუაზიეს კანონი მადარდე…
_შენ, მარტო ეს გახსოვს, ქვევრში გაჭედილ აბესალომის ამბიდან, ეროსი, რომ ვითარების გაანალიზებას ცდილობს…_არ შეარჩინა ნოემ,_ის თუ იცი სუნთქვისას, შთანთქმული ჟანგბადის პასუხად, ნახშიროჟანგი, რომ გამოიყოფა, დიახ, ამ გენიოსმა აუხსნა კაცობრიობას…ის რომ წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია… ის რომ…
_განათლდი ხომ…_ჩაიცინა თეკლამ, საუთაო მაგიდის კიდეზე, ინტერნეტში ჩართული აიფონში, შესაშური ოპერატიულობით მოესწრო ანტუან ლორან ლავუაზიეს ბიგრაფიის შეთვალიერება…_ეს შენი გენიოსი, სხვათაშორის გაქნილი ბიზმესმენი და გადასახადების ამკრეფი იყო, ხალხს სისხლს წოვდა…-ნიშნისმიგებით ჩააწოდა ქმარს.
_რაებს ამბობ?!_გაღიზიანდა ნოე.
_რაებს და იმ გათახსირებულ მარია ანტუანეტას და მის კუანა ქმარს ლუის, ხალხში ნაძრაცვ ქონებას უკანალში ტენიდა…_და უცებ ქალმა, ერთ დროს საფრანგეთის დედოფალი, გულცივი, მფლანგველი და ჭირვეული მარია ანტუანეტა. მეტისმეტად გულმოდგინედ გამოაჯავრა,_თუ მათ არ აქვთ პური, მიირთვან ფუნთუშები! მიტომაც წააგდებინეს თავები გილიოტინაზე... აქაურ ბობოლებსაც ქე მოუხდებოდა, სადარი ტრენინგები…
ნოეს, წამით, თითქოსდა გონება დაებინდა.
_რას მიედ-მოედები თუ იცი?!_ამოთქვა მერე.
_რაა, მაქამდე არ მისულხარ…_ქმრის ხელში ”გაშეშებული” ენციკლოპედია, დამცინავად შეათვალიერა.
თეკლა, ერთი ათი წლით უმცროსი იყო ქმარზე, ახალგაზრდობაში თავისებურად მოუხერხებელი გახლდათ, შვილების გაზრდაში დედამისი ეხმარებოდა, თორემ, ისე თავს, რომ წადებდა ბალიშზე, მისი გაღვიძება ძალზე ჭირდა და გაბოროტებულ ნოეს ხშირად უფიქრია, ნეტა, თვალები სად მქონდაო, არადა, ზუსტად თვალების ბრალი იყო, თეკლას სავსე სხულს, განსაკუთრებით კი აღერებულ მკერდს, რომ მიაბჯინა მზერა.
ასე იყო თუ ისე, შვილები, უკვე საზღვარგარეთ იყვნენ და თეკლა მათთან ინტერნეტით ურთიერთკავშირში, ისე გაიწაფა, რომ… მალე ფეისბუქში შესამჩნევი ქალბატონი გახდა. სხვადასხვა, ნაირფერადი პოსტებით, მარჯვედ ახერხებდა, იქაური აუდიტორიის ყურადღების მიქცევას და ქმრის მიმართ ამგვარი უპირატესობით გაამაყებული, თავის განცდებში ნებივრობდა.
აიფონი, ინტერნეტში, თითქმის მუდმივად ჩართული ჰქონდა, შიგადაშიგ სხვადსხვა ინტერნეტგვერდებსაც ზვერავდა.
ნოე პროფესიით ტექნიკოსი გახლდათ და ასე თუ ისე, ტექნიკურ სფეროსთან, უფრო მეტად გაშინაურებული ეთქმოდა, მაგრამ აიფონებსა და მსგავს ციფრულ ტექნოლოგიებს ვერა და ვერ აუღო ალღო.
რატომღაც აკადემიური განათლების მქონედ წარმოედგინა თავი და მეცნიერული ლიტერატურის კითხვას გამორჩევით ეტანებოდა.
და მან ჩაძიებით გაარძელა ფრანგი მეცნიერის ლავუაზიეს ბიოგრაფიის კითხვა, და ნირწამხდარივით ჩაილაპარაკა:
_Не может быть!
_Может быть! _გამოსცინა ცოლმა,_გაყვლეფილი ჰყავდა ხალხი, წურბელა იყო, წურბელა!_თეკლას სიამოვნებას ჰგვრიდა სოცილიზმის მორალით ნაწრთობი ქმრის გამოჯავრება,_უბრალო ხალხისთვის იგი, მეფისა და მისი დამქაშების პირსისხლიანი გადასახადების ამკრეფი იყო… შენ ხომ, ასე ძაან გიყვარს უბრალო მშრომელი ხალხი?_განზრახ გაუმუქა ჩიხში მიმწყვდეულს,_მშიერ ადამიანს, სულაც არ აინტერესებს, რა ქვია ჰაერს, ღვთისგანაა ბოძებული და სუნთქავს, მაგრამ შენი და შენი ბატონების გაუმაძღრობის გამო, შიმშილისგან გასავათებული მილიონობით ხალხი, სუნთქვას, რომ ვერ ახერხებს… ჰოდა, მიტომაც ააცუნცულეს ეშაფოტზე.
ნოე გაბურსალებულს ჰგავდა, თეკლასგან ამგვარ შეპაექრებას არ ელოდა. ასე ერთბაშად, მისი განსწავლის მიზეზს ვერ მიმხვდარიყო. მერე, უცებ, თითქოსდა, ალღო აუღო ვითარებას. მზერა დერეფნისკენ გააპარა. ”ტელეფონში კითხულობს… ნახე შენ, როგორ მოიქოქა, სანამ მე ამ სტატიას ჩავათავებ, ეგ მაგ სიეშმაკიდან, უამრავ რამეს ამოჩხრიკავს…”
და თეკლამც არ დააყოვნა:
_ჰმ, გადასახადების წუწკი…
ნოე გონს მოეგო, ენციკლოპედიას მსწრაფლ ჩახედა და ბედად, თითქოსდა ლავუაზიეს ალიბს ჩაავლო თვალი:
_მაშინ, ისიც უნდა იცოდე, რომ თანხის უმეტესობას ქიმიური ლაბორატორიებს მოწყობას ახმარდა, რათა მერე ფრანგებს, მისი აღმოჩენებით ეამაყათ…_და მექანიკურად გააგრძელა,_გაზს მან ჟანგბადი უწოდა, „მხუთავ ჰაერს” – აზოტი, „წვად ჰაერს” კი წყალბადი…
_კაი, თუ კაცი ხარ, მოშიებულ ხალხს, სულაც არ აინტერესებდათ, რომ წვა და გმოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესი იყო თუ… მთავარია, ცეცხლის ანთება იცოდნენ, არც ფლოგისტონის თეორიასთან საკირკიტოდ ეცალა ვინმეს, წვის დროს რა გამოიყოფოდა, ცეცხლოვანი მატერია თუ…
_ფლოგისტონის?!-ნირწამხდარი ნოეს, შეკამათების სურვილი წაუხდა.
_ჩახედე, მაგ შენს სახელგანთქმულ ენციკლოპედიაში… აკადემიკოსივით, რომ გამომეჭიმები დილაადრიან…_თეკლამ უთო გამორთო, მერე მწკრივად დალაგებული ზეწრები სხარტად აკრიფა და საძინებელისკენ წავიდა,_ისე, დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის დიდ რევოლუციას, არც შენისთანა შუალედურები ეხატა გულზე…
ნოემ თვალი მოჰკრა, ის ”ვერაგი” აიფონი ზეწრებს შორის ჰქონდა შეცურებული.
_ფლო-გი-სტონი…_ჩამარცვლა უნებლიეთ,_კი, ნამდვილად ვერ გაარკვევ ქალი რისგან შედგება… ”ორ წინადადებას, ვერ აბამდა ერთმანეთს, და ასე უცებ…” ახლა ანტუან ლავუაზიეს დარდი ნამდვილად არ ჰქონდა, კაცი ნაკითხობით იწონებდა თავს და აგერ, უცებ გამოჩეკილმა ”სწავლულმა”, ისე უპრაგონოდ გადაუარა, რომ… ”შუალედურები”, აედევნა უცაბედად.
რატომღაც, გილიოტინის მსგავსი მახინა წამოელანდა.
_ჩამრეცხა…_ჩაილაპარაკა
დათრგუნულმა_ისე,
მართლაც, ამხელა
მეცნიერს, გადასახადებების აკრეფასთან
რა ჭირი
უნდოდა… აქაც,
ეს, ვითომდა
ინტელიგენტოები, ყოველ
ხელისუფალს, რომ
უძვრებიან და
თან მოსთქვამენ,
სამშობლო ხელიდან
გვეცლებაო… ერთი
მაგათი…_გავლენის
სფეროდან გასულ
ცოლისგან მიყენებულ
მარცხისთვის, ვიღაცაზე,
ხომ უნდა
ეყარა ჯავრი.
ჯ.გ.
*
P.S.
”ფლოგისტონი
ფლოგისტონ-ი [< ბერძ. phlogistos საწვავი] - მე-18 ს.-ში: ქიმიაში გაბატონებული წარმოდგენით: «ცეცხლოვანი მატერია», რომელსაც ვითომდა შეიცავდა ყველა საწვავი ნივთიერება და რომელიც გამოიყოფოდა წვის დროს; მე-18 ს.-ის ბოლოს ეს მცდარი ჰიპოთეზა უარყოფილ იქნა და მისი ადგილი დაიკავა წვის ჟანგბადოვანმა თეორიამ.”
/\
- ***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*