არტისტობანა _
ესსე ნოველებითა და ”ესკიზით”
/ფსიქოანალიტიკური მოკვლევა/
ყოველივე, ჩემი ვაჟის ჩაძიებამ გამოიწვია… ფსიქოლოგი, მენტალისტი (სხვათა აზრების შემოქმედებითად შემცნობი) გულიანად დაინტერესდა,
ბავშვობისას, ჩემი თაობა, რითი ვირთობდით თავს. თუმც, ბევრი რამ ჩემი
მონაყოლიდან, ისედაც იცოდა, მაგრამ ჩაძიება, მისი პროფესიის თანმდევია და როცა ფეხბურთის, ლახტის, ცხენით ჯირითის, ჭიდაობის, ბიჭური ჩხუბის, თევზაობის ამბები მოსწყინდა, ერთხელაც გამახსენდა:
_ჰო, არტისტობანა, ჩემს რომანში ”…რომელსაც შენ მდევნი…” აღწერილი მაქვს კიდეც…_მაგრამ ფსიქოლოგის ”ჩამძიებლური” გამოხედვა რომ დავიჭირე მიხვდი, ეს არასაკმარისი გახლდათ. მას, როგორც ჩანდა, ჩემი ბალღობისდროინდელი გატაცებებიდან განვითარებული, და მერე ჩემს მეხსიერებაში ”გადანახული” ემოციების ინტერპრეტაციის ხილვა სურდა.
და მეც არ დავაყოვნე…
რა იყო ეს _ მედიტაცია, შემოქმედებითი ხუმრობა, ნაბახუსევიდან გამოსვლის მცდელობა, ქვეცნობიერიდან წამოსული ”კვანტური იმპულსების” თავისებური ინსცენირება, ”ჯანსაღი ცხოვრების წესთან” მხატვრული შეხმიანება თუ...
რა იყო ეს _ მედიტაცია, შემოქმედებითი ხუმრობა, ნაბახუსევიდან გამოსვლის მცდელობა, ქვეცნობიერიდან წამოსული ”კვანტური იმპულსების” თავისებური ინსცენირება, ”ჯანსაღი ცხოვრების წესთან” მხატვრული შეხმიანება თუ...
მაგრამ უკეთესია, ჯერ ამგვარი
ემოციების გამომწვევ, იმდროინდელ ”სანახაობაზე” მოგიყვეთ;
სოფლად, ზაფხულის დღეებს,
ქალაქელი ბავშვების შესამჩნევი სტუმრიანობა ახლდა თან. ამას მოსდევდა, სოფლელი
გოგოებისა თუ ბიჭების ნებსით თუ უნებლიეთ გამოკოხტავება. რა თქმა უნდა, სტუმრად
ჩამოსულთა კონტიგენტის შემადგელობისდა მიხედვით. ზოგი ”ქალაქელი” უკვე
გაშინაურებული იყო სოფლის მიდამოსთან და ჩამოსვლისთანავე გამორბოდნენ ფეხბურთის თუ
კალათბურთის სათამაშოდ… ზოგს (განსაკუთრებით იმდროინდელი ”მობურჟუო” ოჯახის გოგოსა
თუ ბიჭს, მშობლის თუ სხვა ”მეთვალყურის” გარეშე, ეზოდან გადმოსვლაც კი ეკრძალებოდა
და სოფლის ორღობეში, მათ გამოტყუებას ესა თუ ის ცნობისმოყვარე ბაღანა დაჟინებით
ცდილობდა.
მაგრამ მე, ქალაქელი ნათესავების
სტუმრიანობით განებივრებული გახლდით; ჩვენთან, დასასვენებლად ჩამოსული ”ქალაქელი”
გოგოების კოლორიტულობა, მარტო სამეზობლოს
ბავშვებს კი არა, მათთან დასასვენებლად ჩამოსულ გოგო-ბიჭებსაც გვარიანად იზიდავდა.
ჰოდა, იყო ნაირფერადი სარაფნების
კალთების ფრიალი. რის გამოც, ექვსი წლიდან გამუდმებით შეყვარებული ვიყავი. ოღონდ,
ყოველი ”შეყვარება”, სილამაზის ახლებურად შეგრძნების თანაზიარი იყო. ზოგჯერ
ამაში, გამომწვევად მოჩინარ ღილებს,
ქამრებს, შესაკრავ აბზინდებს თუ მისთანებს ედო უჩინარი წილი.
დ როცა, რომელიმე კოხტად შემოსილი
გოგოს ინიციატივით ”არტისტობანას” თამაში დაიწყებოდა, მეც უმალ ჩავერთვებოდი; რა თქმა უნდა, რომელიმე მორიგ ”სარაფანის” ეშხით;
ვცდილობდი ჩემი არტისტული ნიჭი გამომეჟღავნებინა, ანუ წინაეზოს მიდამოში სილამაზით
აღმატებული ადგილი მომეძებნა და იქ უსწრაფესად და ღირსეულად
”გამოვქანდაკებულიყავი”.
ისე, ამ თამაშს ზოგი ”პოზობიასაც”
ეძახდა, მაგრამ ის ერთი, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, კულულებიანი გოგო, ისე
მომხიბვლელად გაიხსენებდა: ”არტისტობანა ხომ არ გვეთამაშა…” და შიგადაშიგ, მზერას,
ისე გრძნეულად გამოაპარებდა ჩემსკენ, რომ… მეც უმალ ავტეხდი ხმაურს.
-არტისტობანა, არტისტობანა
იწყება!!!
თუმც, იმდროინდელი ”არტისტობანას”
ზოგადი სახის წარმოსადგენად ჩემი რომანიდან ”…რომელსაც შენ მდევნი…” (· .”რომელსა შენ მდევნი”...
(რომანი),
გამომცემლობა
"მერანი” 1991 _'The One You Pursue', novel. P. H.
'Merani' ) შესაბამისი
ამონარიდის შეხსენებაც არ იქნება ურიგო:
…” შარაგზაზე უმისამართოდ
მიძუნძულებდა. იმედი ჰქონდა, სადმე თანატოლ ბიჭებს გადააწყდებოდა და ლახტის, ან
ბეხბურთის თამაშით მოიოხებდა გულს. უფრო მეტად, ლახტის სათამაშოდ იყო განწყობილი.
გული ერჩოდა, ქამრიან მოწინააღმდეგეს გულდაგულ შებმოდა. თუნდც, საზღაურად კოჭები
და ხელები აეწითლებინათ.
_გულბაათ, გულბაათ! გადმოუხვიე
ჩვენკენ…_მოესმა გზისპირა ეზოდან.
გულბათმა მიიხედა, თადეოზი
ეძახდა, მისი თანაკლასელი. იქვე, ორიოდე წამოყვინჩილებულ ბიჭს მოჰკრა თვალი. იმედი
მიეცა, ესაა და სურვილი ამსრულებიაო, მაგრამ ეზოს, რომ მიუახლოვდა, სახლის აივანზე
გადმომდგარი გოგონები შენიშნა, და, ცოტა არ იყოს დაიმორცხვა. ”არტისტების
შვილები…” გაიფიქრა, უნებლიეთ წელზე შემოჭერილი ქამარი მოისინჯა.
_კარგია, კარგი, რც უფრო ბევრნი
ვიქნებით, მით უკეთესი…_გადმოსძახა თადეოზს შეღერებულმა გოგომ.
_მანანამ ახალი თამაში უნდა
გვასწავლოს, ქალაქური, პოზობია ჰქვია…_აუწყა მიახლოებულ გულბაათს ამხანაგმა და
ორღობეში ჩავლილ, საგანგებოდ გამოპრანჭულ, აივნისაკენ თვალებმობრეცილ ბიჭებს ლამის
ყვირილით გამოენთო, _გადმოუხვიეთ, გადმოუხვიეთ, რავა შორიდან გვივლითო…_მერე
მეზობლის გოგოებიც მოიწვია და მალე ეზოში ათამდე ბავშვმა მოიყარა თავი.
”არტისტების შვილები” კვლავ აივანზე იდგნენ, ქვემოდან შემოციცინებულ, გაარშიყების
მოსურნე ბიჭებს, ჩვეული სილაღით ექილიკებოდნენ და იქაურობას რომანტიკული
მომხიბვლელობით ავსებდნენ.
გულბაათი შორიახლოდან უჭვრეტდა
სარაფნიან მანანას და უნებლიეთ ეჩვენებოდა, რომ იგი, სხვა სამყაროდან იყო. უცებ
მოიწყინა და წასვლა დააპირა, მაგრამ აივანზე მამა-არტისტი გამოვიდა, შეკრებილთ
ყელმოღერებით გადმოხედა და კეკლუცად მიესალმა:
_გამარჯობათ, ყმაწვილებო! ერთობით
არა, კარგია, კარგი…_მომხიბლავი გამომეტყველებით შელამაზებული სახე, მათ წინ,
საზეიმოდ ჩაატარა, ნავარჯიშევი გრაციით კიბეზე ჩავიდა და ეზოს სიღრმისკენ წავიდა.
გულბაათს ქარაფშუტული მოეჩვენა ამ
კაცის საქციელი, მის ქალიშვილებსაც შეამჩნია ამგვარი ხელოვნურობა და ჩაიღიმილა, ის
ფლმიც გაახსენდა, სადაც დედა-არტისტი წამიერი იანიჩარის როლს ასრულებდა და
იჭვნეულად შეფიქრიანდა, რადგან, კვლავ ვერსგზით მიმხვდარიყო, ის ჩალმიანი კაცი,
ვისაც გამოჩენისთანავე კლავდნენ, როგორ შეიძლება ქალი ყოფილიყო, თანაც ლამაზი, ოღონდ,
მამა-არტისტის სანათესაოს, ამაში ოდანავ არ ეპარებოდა ეჭვი და სოფლის კლუბში, ამ
ფილმის მორიგ დემონსტრირებისას ”წამიერი იანიჩარის” გამოჩენისას, ერთხმად იშვერდა
ხელს ეკრანისკენ, ერთხმად გაჰყვიროდა:
_ივიკოს ცოლი! ივიკოს ცოლი!..
მანანასა და მის დებს ხელები
სხვადასხვაგვარად გაეშალათ და მოყვარულთა დასს, ”არტისტობნას” წესებს უხსნიდნენ.
სოფლელი გოგო-ბიჭები ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ. მართალია, ერთმა
”შეყვინჩინებულმა” თამაშის მასხრად აგდება განიზრახა, მაგრამ მშვენიერმა მანანამ
საყვედურით შეფერადებული თვალებით, იმგვარი სინაზით გადმოხედა, ბიჭს სახეზე,
უმალვე ერთგულება აესახა. მაინცადამაინც, არც გულბაათი გახლდათ კეთილდ განწყობილი
”პოზობიას საბალეტო დადგმაში” მონაწილეობის მისაღებად. ოღონდ, მანანას
შთამაგონებელ მომხიბვლელობას, ისიც ვერსად გაექცა და როცა გოგო აივნის სვეტს
მიეყრდნო, თვალები დახუჭა და თვლა დაიწყო, თავადაც სხვებივით დაფაცურდა
”პრესტიჟული” ადგილის მოსაპოვებლად.
ორიოდ წუთში, ყველალნი
საგულდაგულოდ მიმოფანტულიყვნენ და ”მომგებიან ხედებთან” სათითაოდ შეყოვნებულნი, ფიქრში
შეგულებული ”არტისტული პოზის” მიღებას ცდილობდნენ. (თუმც, უმეტეს შემთხვევაში, სულ
სხვა რამე გამოსდიოდათ) მანანამ ნარნარი ხმით დათვალა ორმოცდაათამდე, მერე
პათეტიკურად განაცხადა, ვახელო, გამაფრთხილებლად შეყოვნდა და ”პოზიორები”
ექსპრესიულობით შემუშავებულ ”პოზებში” გაირინდნენ. ერთს, ხელები ”სამაიას”
მოცეკვავე ქალივით ჰქონდა აშვერილი, მეორე, ფარშავანგივით გაფხორილიყო, მესამე,
მიწაზე გაწოლილიყო და მხოლოდ გაშეშება მოესწრო, მეოთხე წყლით სავსე კსრში
ჩამჯდარიყო და შემცბარი იღიმებოდა, მეექვსე მსხლის ხეზე აფორთხებულიყო, ალბათ,
ბოლო წამს გადაწყვიტა ზედ ასვლა, იქვე ”გარინდების” დროსაც მოესწრო და ახლა ძირს,
რომ არ ჩამოვარდნილიყო, ფრჩხილები ლამის კატის კლანჭებივით ჩაესო მის გარეკანში.
მეშვიდე, საუკეთესო ადგილის ძებნაში ტრიფოლიატს აკვროდა. ეტყობა, რბილ ადგილას
ეკლები შესობოდა და ახლა სახედამანჭული ელოდა შეფასებას. მერვეს, ვითომდა
ვაჟკაცურად გაეშალა ხელები და ვერ მიხვდებოით ცეკვის თუ ჩხუბის დაწყებას აპირებდა.
მეცხრე, სადღაც, ისე გულმოდგინედ მიმალულიყო, თვალს ვერ მოკრავდით.
ეზოს შუაგულში, თავისთავად
ჩამუხლული გულბაათი (ანუ მეხუთე), აივანზე ლამაზად გამწკრივებულ, მართლაცდა,
მოხდენილად სხეულებაღერებულ მანანას დებს ცნობისმოყვარედ მისჩერებოდა, თან
საგანგებოდ თვალებმილული მანანას მშვენიერებით მოხიბლულს, სუნთქვა ეკვროდა. მხოლოდ
მაშინ მოეგო გონს, როცა თვალეგახელილმა ”ჟიურიმ” პოზა შეუქო და პირველობა მიანიჭა.
სახეზე ერთიანად გაწითლებული, ბავშვების ჟრიამულში ძლივს წამოდგა, მანანასგან
”შემფასებლის” მოვალეობა მორჩილად გადაიბარა, მსხლის ხესთან მივიდა, ზედ კატასავით
შემხტარ ”მეექვსეს” ჩამოსვლაში მიეხმარა. მერე ხეს თავი მიადო, თვალები დახუჭა და
თვლა დაიწყო. უკვე, აქედან გაპარვაზე ფიქრობდა, რა მოემიზეზებინა, იმაზე იმტვრევდა
თავს.
თვალები რომ გაახილა, აივნისკენ
გაიხედა, დები, ისევ იქ ჩამწკრივებულიყვნენ, ახლა, მანანაც მიმატებოდათ და მათი
ცქერა, მართლაც, რომ საამო იყო. უბრალოდ, თითქოსდა ბუნების ცქერით ტკბებოდნენ. გულბაათმა
ეზოში მიმოფანტულთაც მოავლო თვალი, თამამად წარმოთქვა:
_ოთხივეს!
_რა ოთხივეს?!_განცვიფრდა მანანა.
_ოთხივეს პირველი ადგილი
გეკუთვნით…_დამაჯერებლდ განუმარტა.
_ეგ, არ შეიძლება, ერთს უნდა
მიაკუთვნო, ოთხივე ერთად ხომ არ დავხუჭავთ თვალებს…_გაინაზა გოგო.
_ეგ, მე არ ვიცი, მე ოთხივეს
განიჭებთ…_უეცრად, ”დამოუკიდებლობის” ჟინით შეპყრობილს, თავისი ”შეფასების”
გადათქმა, არც უფიქრია.
ოთხივეს არა, ერთს უნდა მიანიჭოო,
ლაპარაკი არ დააცალეს, მისი არჩევანით განაწყენებულმა თანასოფლელმა გოგოებმა.
მერე, იმათ ბიჭებიც წამოეშველნენ, უფრო სწორად, მშვენიერ მანანს აუბეს მხარი.
აბა, კარგად იყავითო, უკვე,
თავისი ახირებით შინაგანად შეცბუნებული, ნაჩქარევად გამოემშვიდობა იქ მყოფთ,
ეზოდან მსწრაფლ გავიდა და ვითომდაც უდარდელი იერით წავიდა.
_უცნაური ბიჭია!.._მოესმა მანანას
ხმა.
გულბაათი შეშინდა, რამე მსგავს
კიდევ არ მოვჰკრა ყურიო და ნაბიჯს, კიდევ უფრო აუჩქარა.
_ოთხივეს! რა
გულუხვობაა…_კისკისებდა უფროსი და.”
ამის გახსენებაზე, უნებლიეთ
სიცილი ამიტყდა.
_რა, მოხდა?.._ჩამეძია
ფსიქოლოგი,_აბა, აბა, რა გაგახსენდა, გვიჩვენე, როგორ არტისტობდი!
და მოგონებებით ატაცებულმა, მეც
არ დავაყოვნე.
ჰოდა, ”არტისტობანას” გახსენებით
გამხიარებული ხანდაზმული კაცის ”ემოციური განწყობაც” ამგვარად აისახა.
ეჰ, ”იღბალს”, რა ვუთხრა, იმ
მომხიბვლელ ”შემფასებლთაგან”, ალბათ, ცოტაღაა ცოცხალი, და თუ ვიმე, ისევ ერთობა ამ
ცხოვრებით, არ მგონია ვახსოვდე, ან დღევანდელ ვითარებაში, ჩემეული ”არტისტული
მანევრის” შეფასების ხალისი ჰქონდეს.
ჰო, საინტერესო
სურათია, მით უფრო თუ გვეცოდინება, რომ მასზე სამოცდაათ წელს (7 ათეულს)
გადაცილებული მამაკაცია აღბეჭდილი.
”არტისტობანა” _ ეს, თითქოსდა გულუბრყვილო თამაში, რაღაცით მგონი ფსიქოანალიტიკურ მკურნალობის, ”თავისუფალი ასოციაციის” გარკვეულ ელემენტს მოიცავდა, მაგრამ, მაშინ, ამაზე, რომელიმე ”სარაფნიანს” არ მგონია, რაიმე წარმოდგენა ქონოდა. მით უფრო მე, _ ”უსუსურ” ბალღს. თუმც, ”არტისტობანას” თამაშისას, მის მონაწილეთა შემოქმედებითი ნაწილი, თავისდა უნებლიეთ, სპონტანური, უცაბედი მიმიკური მოძრაობის ზემოქმედებით იღებდა, ამა თუ იმ ”მხატვრულ სახეს”.
ანუ ფროიდის განმარტების მსგავსად შესაძლებელი ხდებოდა …”ღირებული არაცნობიერი აზრების იმ ნედლი მასალიდან ამოღება, რომელსაც პაციენტი თავისუფალი ასოციაციის შედეგად გვაწვდის“
ითამაშეთ ”არტისტობანა!!!”
მართალია, პაციენტთა უმეტესობა, ”მუქთ რჩევებს”, მაინცადამაინც ღირებულად არ მიიჩნევს, მაგრამ თამამები, ერთხელ მაინც უნდა შეეცადონ,. ოღონდ, როგორც სამყაროსელ ნიჭიერებასთან თანაზიარი, საოცრად მიზანდასახული, უსაზღვროდ გაბედული ზიგმუნდი შეგვახსენებდა:
…”არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ დამპირდით, რომ აბსოლუტურად გულწრფელი იქნებოდით და არასოდეს დაიტოვებდით სათქმელს, რადგან ის უსიამოვნოა ამა თუ იმ მიზეზის გამო“
”არასოდეს დაიტოვებდით სათქმელს” _ ანუ ”არტისტობანას” შემთხვევაში თქვენში,
უცაბედად მოვლენილ ამა თუ იმ ”მიმიკურ მოძრაობას”
რაც შეეხება, ჩემი
ფსიქოლოგი ვაჟის მიერ პროვოცირებულ ”სცენას”, ალბათ, ამ, უცაბედი მიმიკური
”ამოთქმით”, მის დაიმედებას შევეცადე, ანუ, ჯერ კიდევ, ისევ მხნედ მყოფი მამა
გყავს მეთქი. იმედია, მომავალში, ამ სურათის ხილვით, თავის შვილიშვილებთან ერთად
გაერთობა…
დიახ, მირჩევნია, ასე
”დაუდგრომლად” დამიმახსოვროს ნაცნობ-უცნობმა, ვიდრე უშნოდ ”დაბრძენებული” და
მოვიშვიშე.
და ბოლოს, ვფიქრობ,
მონათხრობის კვალობაზე, არც, ამ გულწრფელად ამოთქმული ლექსის გახსება იქნება ურიგო…
”ესკიზი” ესსესთვის...
დაბერებასაც ნიჭი უნდა…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მოვლისა,
საკუთარ თავთან დაზავების,
დამეგობრების,
გაფანტულ ძალთა შემოკრების
და განმტკიცების,
ნიჭი დათმენის, შემეცნების,
სხვა შემართების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მორჩილი,
ნერვთა და კუნთთა დამგეშავი,
სიმხნევის მჩენი,
ნიჭი მეოხი, შემწედ მისვლის,
ჭირთამძლეობის,
დარდთან მოქნილად გამკლავების,
განმარტოების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი უდრეკი,
დროის სივრცეში შეღწევის და
გადანაცვლების…
ნიჭი სრულყოფის მოწადინე,
ლოცვით ნაგეში, _
ცნება ”სიკვდილთან” მოთამაშე,
ფერიცვალების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მოვლისა…
***ჯ.გ.11.02.2002პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…”*
სურათის მხოლოდ აქ, ამ ვებ-გვერდზე ნახვაა დასაშვები, ”სამოგზუროდ” გატანა კი _არა!*
- ***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*